logo_geo
eng_logo
ბიძინა სონღულაშვილი: თაობების ჯანი და ღონე შეეწირა მეტროს ამუშავებას თბილისში
- +

12 მაისი. 2017. 15:39




დღეს, როცა მიმდინარე მოვლენების შეფასების პრიორიტეტული უფლება ელექტრონულ მედიაში სააკაშვილის შთამომავლებმა დაისაკუთრეს და ტელეეკრანებზე გონების სიმწირე და შიშველი ბარძაყების სიმრავლე პირველობისთვის ცვედნობასთან  პაექრობს, ჭკუადამჯდარი ადამიანების მოსმენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.


პროფესიონალების ნაკლებობაზე ვლაპარაკობ, თორემ სერიოზული სახით კაც-ნახევრიანი „პარტიების" ე.წ. ლიდერების შეგონებანი ისე გვაქვს ყელში ამოსული, როგორც მოუხარშავი ძირხვენების შეჭამანდი, რომელსაც ყოველდღიურად ტენიან ტელეაუდიტორიას, - ნახეთ, რა გემრიელიაო! დაახლოებით ისეთი მონდომებით, თავის დროზე ქუჩის მიტინგების ორატორები რომ გვარწმუნებდნენ - ქართული ჩაი და ბორჯომის წყალი ააყვავებს საქართველოს ეკონომიკასო. და კიდევ - ციტრუსები, ეგზოტიკურ ხურმასთან ერთად. მაშინ რა ვიცოდით, პოლიტიკური ხურმა რა ხილი იყო. ამიტომ, მოდით, დღეს მოვუსმინოთ ცნობილ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს, დამსახურებულ მშენებელს, თავის დროზე კახეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, უფრო ადრე - მეტრომშენის უფროსს - ბიძინა სონღულაშვილს. პირველი თემა, რა თქმა უნდა, მეტრომშენებლობაა, კერძოდ, ბოლო სადგური, რომელიც დღე-დღეზე საექსპლუატაციოდ ჩაბარდება.


- დიდი საქმეა, უაღრესად საჭირო და სასარგებლო ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ახალი მეტროსადგურის გახსნა ჩვენს მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა კი, სტუდენტობას გადაუჭრის სატრანსპორტო პრობლემას, - ამბობს ბატონი ბიძინა, - სამწუხაროა, რომ ამ მართლაც საშურ საქმეს ქართულმა მედიამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.


- ასევე უყურადღებოდ დატოვეს, მაგალითად, დედაქალაქის ავტოპარკის ახალი ავტობუსებით შევსებაც.

 

- არადა, სააკაშვილის გაპიარებული ყვითელი, ნახმარი და გაძარცვული ავტობუსების თბილისში შემოყვანა თავის დროზე ისე მოგვაწოდეს, როგორც სატრანსპორტო რევოლუცია, როგორც ახალი სიტყვა ურბანიზაციაში.


ჩვენ ახლა მეტრომშენებლობაზე ვლაპარაკობთ, რომლის ისტორიას ახალი თაობა ნაკლებად იცნობს. დღეს ამ ყველაზე იაფ, სწრაფ და მოხერხებულ სატრანსპორტო სისტემას ხალხი ისე შეეჩვია, როგორც იმთავითვე ბოძებულ და თავისთავად არსებულ სიკეთეს.


თაობების ჯანი და ღონე შეეწირა მეტროს ამუშავებას თბილისში. რატომღაც არ სურთ ამის არც ცოდნა, არც გახსენება და არც იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომლებმაც ამ ისტორიას დაუდეს სათავე.


უფრო მეტიც, 1951-1953 წლებში მეტრომშენის პირველი ხელმძღვანელის - გიორგი ნასიძის სახელი და გვარი, კარგახანია, არავის ახსოვს.


1957-1963 წლებში (ეს ხრუშჩოვის ზეობის პერიოდია) მრავალთა მიზეზთა გამო მშენებლობა შეჩერებული იყო.


სიტყვას არ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ 2000 წელს ვაჟა-ფშაველას ხაზის პირველი ეტაპი ავამუშავეთ.


- ამ დროს თქვენ იყავით მეტრომშენის უფროსი...


- დიახ. ამ ხაზის დასამთავრებელი დავალება ქვეყნის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან 1997 წელს მივიღეთ და 2000 წლის 3 სექტემბერს საექსპლუატაციოდ ჩავაბარეთ.


- ედუარდ შევარდნაძის სახელის დადებით კონტექსტში მოხსენიება დღეს ხომ კრამოლად არის მიჩნეული!

 

- ჩემი აზრით, უსამართლობაა. ამ პიროვნებაზე ხელის შეწმენდა სააკაშვილის საყვარელი მეთოდი იყო. ამ საკითხის გარჩევა, მოდით, სხვა დროისთვის გადავდოთ.


სადგური, რომელზეც ვლაპარაკობთ, დაუმთავრებელი დარჩა, თუმცა უნივერსიტეტის სადგურის სრულად შესაყვანად, ფაქტობრივად, ბევრი აღარაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ 2003 წლიდან მოყოლებული მისი დამთავრებისთვის სააკაშვილის ხელისუფლებამ „ვერ მოიცალა". ახლა, როგორც ვიცი, ვაჟა-ფშაველას ხაზის ეს მონაკვეთი კომპლექსურად მთავრდება და, ჩემი ინფორმაციით, დღე-დღეზე ჩადგება მწყობრში.


- ამ კარგ საქმესთან ერთად თბილისში და მთელ ქვეყანაშიც ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი სიახლე ინერგება, მაგრამ, მართალი გითხრათ, არ მესმის, სათანადოდ რატომ არ პიარდება, რატომ უტოვებს ხელისუფლება აშკარად ნეგატიურად განწყობილი ნაცების ნარჩენებს საჯიჯგნი გამოხდომების ასპარეზს?! თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ბიძინა, რატომ ხდება ასე?


- ჩემი აზრით, ალბათ, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, არ სურთ, სააკაშვილს დაემსგავსონ, რომელიც წითელი ლენტების გაჭრით იყო დაკავებული, თანაც ერთ ობიექტს რამდენჯერმე ხსნიდა... ეს ხომ ცნობილია. მეორეც, ალბათ, იმიტომ, რომ „შუბი ხალთაში არ დაიმალება".


- გინდათ, თქვათ, რომ, როგორც ჭირი თავს არ დამალავს, კარგი საქმეც მით უფრო არ დაიმალება?


- დიახ, ასეა. მაგალითებს დაგისახელებთ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში კახეთში გაკეთდა სამელიორაციო სამუშაოების კუთხით, თვალსაჩინოა. ათობით კილომეტრზე აღდგენილია და გაწმენდილია არხები, უმაღლესი ხარისხითაა შესრულებული სადრენაჟო სამუშაოები და ა.შ. თანამედროვე უახლესი ტექნიკა მუშაობს აქ და საშვილიშვილო საქმე კეთდება უხმაუროდ, მაგრამ სანიმუშაოდ და, როგორც კახეთში იტყვიან, ბარაქიანად.


გურჯაანის რაიონში დასრულდა მთელი რიგი სოფლების გაზიფიკაცია; მოწესრიგდა და უკვე მოასფალტდა შიდა გზები; მუკუზანში იწყება 600 ტონის სიმძლავრის ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომელიც ივლისში ყურძნის პირველ მოსავალს გადაამუშავებს; მოგვარდა მევენახეების ხარისხიანი შხამქიმიკატებით მომარაგების პრობლემა. რაიონში საინტერესო ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის კადრების მოსამზადებლად, შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ტექნიკური ბაზა და ა.შ. მეტსაც გეტყვით, კახეთში განახლდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწყებული უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი - თელავი-გურჯაანი-წნორი-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის მიმართულებით ავტობანის მშენებლობა.


გულახდილად გეტყვით, მეამაყება ეს ყველაფერი, რადგან გურჯაანელი კაცი ვარ ფუძით, მოდგმით, გვარით, მამა-პაპით.


შეიძლება ითქვას, რომ მთელ საქართველოში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ფართოდ მიმდინარეობს არა მხოლოდ ტრასების, არამედ შიდა გზების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა. ასეა, მაგალითად, ზუგდიდის, ბაღდათის, ხარაგოულის, მარტვილის, ბორჯომის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.


ახლახან გაზეთში წავიკითხე, რომ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში გაიხსნა ბიბლიოთეკა. თითქოს არაფერი, მაგრამ, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ეგებ ვინმემ გაიხსენოს თუნდაც ერთი მსგავსი ფაქტი...


ბევრი სასარგებლო საქმე კეთდება სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამით, მაგრამ ამას სპეციალისტები უკეთ გააცნობენ თქვენს მკითხველს.


- მაშ თქვენი, მშენებლობის სპეციალისტის, თვალით დანახულ სიახლეებზე თქვით რამე.


- პირველი, რაც ხაზგასასმელია: აღიკვეთა უნებართვო მშენებლობები, რომელთა გამოც დამახინჯდა თბილისი, მის ისტორიულ უბნებს დაეკარგა კოლორიტი, მოსახლეობის დიდ ნაწილს დისკომფორტში უწევს ცხოვრება, მანქანების გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და ა.შ.


მეორე: შენდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ოფისები, სხვა ობიექტები. ასეთ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც მოგეცემა მშენებლობის ნებართვა, შენი შემწუხებელი აღარავინაა. მთავარია, დაადგა თავი მშენებლობას, დაიცვა ყველა არსებული წესი და პირნათელი იყო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით.


ხელს არავინ შეგიშლის. პირიქით, თუ დაგჭირდა, დაგეხმარებიან.


- და არავითარი ნაკლოვანება, არავითარი ხარვეზი?!


- სასურველია, რომ გაცილებით უფრო ოპერატიული გახდეს შესაბამისი სამსახურების მიერ სამშენებლო ობიექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. შეფერხებების აღკვეთა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქმშენებლობის მიღწეული ტემპის შენარჩუნებას. ბევრი ჩემი კოლეგა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უსაფუძვლო და გაუმართლებელი გაჭიანურება ამ დარგის განვითარებას სერიოზულად აფერხებს.


- თქვენი კომპანია რით არის დაკავებული?


- ამჯერად თბილისში სამი ობიექტი უნდა ავაშენოთ; ერთიც - გურჯაანში, ღვინის ქარხანა, უცხოური ინვესტიციით, 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მინუს 9 მეტრით, სადაც მარანი გაკეთდება. ეს ახალი სიმძლავრე წლეულსვე მოუხსნის მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემას, დაეხმარება ხარისხიანი პროდუქციის დამზადებაში.


- კახელი კაცი ვენახს გარიდებული ძნელი წარმოსადგენია. თქვენ გამონაკლისთა სიაში ხომ არ ხართ?


- არა, რა თქმა უნდა. ჩემი სოფელი ძირკოკი დამემოწმება, რომ ზუსტად 1996 წელს, როცა ყველაფერი ჩანაგდებოდა, მე და ჩემმა ნათესავებმა 25 ჰექტარი ვენახი ჩავყარეთ. იქიდან მოყოლებული 10-12 წელიწადი ამ საქმეს ვიყავით გადაგებული; ხალხი დავასაქმეთ, მევენახეობა, როგორც შეგვეძლო, გადავარჩინეთ. ათეულობით ოჯახის სამუშაოთი, მაშასადამე, ხელფასით უზრუნველყოფა განა ცოტას ნიშნავდა იმ უძნელეს დროში?


- მაშინაც და ახლაც, ბატონო ბიძინა.


- ახლაც ვმუშაობ, ახლაც მეამაყება.


- ამ დღეებში ერთგვარად საიუბილეო თარიღი გაქვთ - 65 წლისა ხდებით. ამ გრძელი გზის გავლისას ყველაზე უფრო რა დაგამახსოვრდათ, რა მიგაჩნიათ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად თუ ფაქტად?


- ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის მთავარი უნივერსიტეტი იყო. მათგან ვისწავლე, რომ უპირველესი იმ მოვალეობის პირნათლად შესრულებაა, რომელიც შენ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, გაკისრია ყველგან და ყოველთვის.


თბილისის მეტროს 12 სადგურის გაშვებაში ვმონაწილეობდი - ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაწყებული ამ დარგის ხელმძღვანელამდე; ურთულეს წლებში კახეთის მხარის წელში გამართვაშიც და პანკისის ხეობაში სტაბილურობის შენარჩუნებაშიც ჩემი წვლილი შევიტანე.


გრემის მონასტრის, ვეჯინის ამაღლების ტაძრის, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და სხვათა აღდგენაში ვმონაწილეობდი. ალავერდის ტაძრის რესტავრაციაზე ხომ აღარაა ლაპარაკი, სადაც 8 რაიონი ზაფხულობით ავარიასაშიში მდგომარეობის სალიკვიდაციოდ მუშაობდა.


ამ ყველაფრიდან რომელიმე ერთსა და განსაკუთრებულს ვერ გამოვყოფ.


მოგეხსენებათ, დამპყრობი რომ შემოესეოდა საქართველოს, კერძოდ, კახეთს, უპირველეს ყოვლისა, ვენახს გაანადგურებდა, რადგან იგი იყო ქვეყნისთვის ძალის, მათ შორის, სამხედრო ძლიერების მიმცემი. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით ჩემი დაჯილდოების ფორმულირებაში ჩაწერეს, რომ ეს უმაღლესი სამხედრო ჯილდო მონიჭებული მქონდა კახეთის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.


ასე ჰქონდა ჩაწერილი საკუთარი ხელით ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.


ჩემი საქმიანობის ასეთი შეფასება დღესაც ვალად მაწევს, ვალდებულებად და პასუხისმგებლობად მაკისრია.



„რეპორტიორი" სულითა და გულით ულოცავს ბატონ ბიძინა სონღულაშვილს დაბადების დღეს და უსურვებს დიდ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში, ბედნიერებას ოჯახში.







 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner