logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: თამარ სანიკიძის მთავრობიდან გაშვება, ხელისუფლების რეიტინგზე დადებითად აისახება
- +

8 აპრილი. 2016. 14:16


საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - რომელი უწყების პირველი პირის გათავისუფლება მოუწევს მთავრობას; ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით - ამ საკითხებზე „რეპორტიორს" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა:


- ვარშავის სამიტზე ახალ მინისტრს არავინ გაუშვებს. ხიდაშელს კი ხელს არავინ ახლებს ივნისამდე, თუ რაღაც საშინელება არ მოხდა. საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია, რადგან არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამის გარდა არაფერი დარჩენია ხელისუფლებას; ამიტომ ყველაზე უმტკივნეულო და უდანახარჯო არის დაბალრეიტინგული მინისტრების შეცვლა. ვფიქრობ, „ბუღალტერი" მინისტრის, თამარ სანიკიძის შამპანურის საცობივით მთავრობიდან გაშვება, ხელისუფლების რეიტინგზე დადებითად აისახება. მეორე მხრივ, ხელისუფლებას ესმის, როდესაც არჩევნებამდე მხოლოდ მინისტრს ხსნი, ეს პოლიტიკაა უკვე. ეს არ ნიშნავს, რომ უცებ გაიგე, კონკრეტული მინისტრი კარგი მენეჯერი რომ არ არის...


- ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო საფრთხე ემუქრება თუ არა საქართველოს?


- თუ ყარაბაღის კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ამან საქართველოსთვის უფრო საშინელი შედეგი შეიძლება გამოიღოს, ვიდრე რომელიმე მეომარი მხარისთვის. დღეს სომხეთის მთავარი პრობლემაა, რომ აზერბაიჯანს მეტი შეიარაღება და მეტი რესურსი აქვს. სომხეთმა ეს რესურსი საიდან უნდა მიიღოს? მხოლოდ რუსეთიდან. რუსეთიდან კი ყველაზე მოკლე გზა საქართველოა. გარდა ამისა, საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც თავიანთ პირველ სამშობლოდ თვლიან აზერბაიჯანს და სომხეთს. ამიტომ აქაც მოსალოდნელია ეს კონფლიქტები.


საქართველოს მიერ ერთ-ერთის მხარეზე დადგომა სამხედრო დიპლომატიური თვალსაზრისით კატასტროფა იქნება... ომი არავის აწყობს, არც დიდ სახელმწიფოებს. რუსეთს კატეგორიულად არ აწყობს, რადგან რუსეთი აუცილებლად დადგება საშინელი ალტერნატივის წინაშე. მან დახმარება უნდა აღმოუჩინოს სომხეთს, რათა არ დაკარგოს იგი. ამ შემთხვევაში კი სამუდამოდ დაკარგავს აზერბაიჯანს თავისი ენერგორესურსებით. გულხელდაკრეფილი არ დარჩება თურქეთი. პირველი, რასაც თურქეთი გააკეთებს თავისი პოზიციების გასაძლიერებლად - ეს არის აჭარა. ამიტომ ომის დაწყება კატასტროფაა საქართველოსთვის. მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში ვერც ვიხსენებ ისეთ მაგალითს, როდესაც ერთი ქვეყნისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდეს მის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ომი.


- ჩვენი ხელისუფლების ნეიტრალიტეტი ამ კონფლიქტში - სწორი მიდგომაა?


- როდესაც ორ მეზობელს შორის კონფლიქტში ამბობ, მე არ მეხება, ჩემი დავა არ არისო, ამით ორივეს იმდურებ. რადგან ორივეს აქვს იმედი, რომ მეზობელი საქართველო დაეხმარება. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე. ხმამაღლა თუ არ იტყვის, შესაძლოა, გულში მაინც იფიქროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომ რა ჯანდაბის სტრატეგიული მოკავშირეა საქართველო, როდესაც ამბობს, შენი გასაჭირი მე არ მეხებაო. ამიტომ როდესაც ორი ახლობელი ჩხუბობს და მესამე ამბობს, მე არ მეხება დავაო, ის ორი ყოველთვის ნაწყენი დარჩება. საჭიროა ელასტიური დიპლომატია, მიხეილ ჯანელიძეს ბისმარკის დონე სჭირდება ახლა...


 

right_banner
არქივი
right_banner