reportiori.ge - მცირე ექსკურსი „კოჰაბიტაციის“ ანატომიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 07 ივნისი, 2020. 03:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მცირე ექსკურსი „კოჰაბიტაციის“ ანატომიაში
27 ოქტომბერი, 2015. 15:09


ვცადოთ და განვიხილოთ ე.წ. „კოჰაბიტაცია" სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში. ასე ვთქვათ, შევეცადოთ, ჩავწვდეთ მის ეკონომიკურ არსს. რა თქმა უნდა, ძალზე ზედაპირულად, მოკლედ და პუნქტირულად.



ბოლო-ბოლო, რა მოხდა და რა ხდება? საქართველოს „პოლიტელიტის" ერთმა ჯგუფმა - აგრესიულმა და მსუნაგმა - ანუ „ნაცებმა" - საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული და, განსაკუთრებით თავისი ზეობისა და მმართველობის ხანაში (2003-2012) - გასწია „კარმუშკიდან" ყველა დანარჩენი და მხოლოდ თვითონ დაიწყო „თქვლეფა". მის ხელში აღმოჩნდა ექსკლუზივი „დასავლური ტიპის რეფორმებზე", პრაქტიკულად ყველა შიდა რესურსი და გარე დახმარება. ის თავად ანაწილებდა გრანტებს, ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, თანამდებობებს, ტკბებოდა ძალაუფლებით - მით უმეტეს, ამ ტკბობის მაგალითს საკუთარი ლიდერი აძლევდა. რაც მთავარია, მის ხელში აღმოჩნდა ომისა თუ მშვიდობის უმთავრესი საკითხი. „ნაცების" ქმედებიდან აბსოლუტურად გამოირიცხა ადამიანური მორალი.



განგებამ ისე ინება, რომ „ნაცები" ანგლოსაქსონურ სამყაროზე ორიენტირებული და რეალურად პროფაშისტური, ყალბი ეროვნული თუ ლიბერალურ-დემოკრატიული ლოზუნგებით გაძეძგილი ჯგუფი იყო (და არის), მაგრამ „დიდი გარე სამყარო" - თავისი ეგოისტური გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე - ძალზე ხშირად განზრახ თვალებს ხუჭავდა მათ „ეშმაკობებზე" და მოქმედებდა ცნობილი პრონციპის საფუძველზე - „მთლიანობაში საქართველოს ხელისუფლებაში კარგი ბიჭუნები და გოგონები შეიკრიბნენ, მათი ლიდერი ნიჭიერი და ქარიზმატიული დემოკრატია, რომელმაც თავისი გუნდი შესანიშნავად შეკრა და შეადუღაბა, ხოლო თუ მათ შორის აქა-იქ ნაძირალაც გამოერია, ეგეც ჩვენი ნაძირალაა და შევუნდოთო". რა თქმა უნდა, ესოდენ მაამებლურმა მიდგომამ წააქეზა ნამდვილი ნაძირლები და მიიზიდა ამ ჯგუფში ათასობით გარეწარი, ავანტიურისტი, აფერისტი, მაქინატორი, დემაგოგი და არამზადა - როგორც წესი, უმდარესი განათლების მქონე პირები, რომელთა საყვარელი საქმე დღესაც კი ეს რჩება: ცინიკური გამომეტყველებით სახეზე აქეთ გასწავლონ ჭკუა და ბარემ ისიც, თუ როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაზე, ანუ რასაც „ნაცების" ლიდერები და გურუები „პრაგმატიზმსა" და „ლიბერტარიანობას" უწოდებენ ხოლმე. რა გასაკვირია, თუ ყოველივე ამას ბუნებრივად მოჰყვა ზედმეტი ძალადობა, ვოლუნტარისტული დაპატიმრებები, „ციხის კადრები", ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები და სხვა ცნობილი და „სასიამოვნო" ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.



თუმცა, ბედნიერება ამქვეყნად არასოდესაა სრული და მუდმივი. დადგა დრო, როდესაც „პოლიტელიტის" ჩვეული „კარმუშკიდან" გაწეულმა და, ბუნებრივია, ნაწყენმა ნაწილმა შეძლო კონსოლიდირება და სერიოზულად იზრუნა „აბაროტის აღებაზე", ანუ რევანშზე. 2012 წლისის არჩევნებზე ასეთი რევანში მართლაც შედგა, მაგრამ, ვინაიდან და რადგან, „პოლიტელიტის" ორივე ნაწილი 90-იანების უწმინდურმა „პრივატიზაციამ" და „კაპიტალიზმმა" შობა და ორნივ ერთი თითით გაკეთებულნი იყვნენ, წინააღმდეგობები მათ შორის მაინც ზედაპირული, არაიდეოლოგიური ხასიათისა აღმოჩნდა. ამიტომ, „ელიტის" გამარჯვებულმა, „საოცნებო" ჯგუფმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიიჩნია, რომ „ნაცებს" სჯობს ესაუბრო „მოკრძალებული შანტაჟის" ენაზე - ძალიან რომ არ აუვარდეთ თავში და თავად არ დაიწყონ მომავალ რევანშზე ფიქრი და ზრუნვა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ უნდა გაწირო და საკვებ-სასუსნავი ბლომად დაუტოვო. ანუ, „კარმუშკიდან" ცოტა უნდა გასწიო, პრინციპული გადაწყვეტილებები აღარ მიაღებინო, მაგრამ „განკულაკებისა" და ჭეშმარიტი სამართლის ენაზე არ ესაუბრო. სწორედ ამაში გამოიხატა „კოჰაბიტაციის" ძირითადი არსი. „ნაცების" დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციების გაცემაზე საუბარი გამოცხადებული „კოჰაბიტაციის" ფარგლებში, ცხადია, იმთავითვე უაზრო და მარცხისთვის განწირული აღმოჩნდა. ხალხი მოტყუვდა - „ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებული „სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგი და შეპირება „კოჰაბიტაციამ", ცხადია, ნაგავში მოისროლა.



კოჰაბიტაციური ხაზის თანმიმდევრულად გატარების შედეგად, წინა რეჟიმის შემოქმედებს (გარდა რამდენიმე საჩვენებელი „განტევების ვაცისა" - სახალხოდ), მატერიალური თვალსაზრისით პრაქტიკულად არაფერი დააკლდა და ყველაფერი შერჩა. მავან „ნაცს" მონაგარი დაუტოვეს, ზოგ შემთხვევაში კი დაუმატეს კიდეც - სადეპუტატო მანდატები, თანამდებობები სხვადასხვა სფეროში - კულტურა-განათლებიდან ძალოვან სტრუქტურებამდე, ბიზნესები (წილების გარკვეული გადანაწილების ფასად), ლეგალურად მოქმედების უფლება, და, რა თქმა უნდა, მძლავრი მედიასაშუალებები (მაგ. „რუსთავი-2"). ანუ, „ქოცჯგუფმა" მიიჩნია, რომ „ნაცჯგუფის" ტვინამდე მისი ეს „კეთილი მესიჯები" აუცილებლად მივა და სათანადო რეაქციასაც გამოიწვევს - „კარმუშკიდან" გაწეული „ნაცები" შენარჩუნებულის დაკარგვის შიშით იძულებულნი გახდებიან, ანგარიში გაუწიონ ქვეყნის მორიგ ბატონ-პატრონებს. ასეთი იყო ჩანაფიქრი.



მაგრამ ცხოვრება უფრო რთული აღმოჩნდა. „ქოცებმა", პირველ რიგში, ვერ გაითვალისწინეს ვერც „ნაცების" მადა, ვერც მათი მტაცებლური ბუნება და ვერც მარტივი ადამიანური ფაქტორი: ადამიანები ზოგადად ძალზე ცუდად ეგუებიან საკუთარი შესაძლებლობის შეზღუდვას. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი. რომ „ქოცტვინიკოსების" მიერ ჩაფიქრებულმა „კეთილმა" სცენარმა წელს მაგარი „სბოები" მისცა და, კაცმა არ იცის, რა ელის ქვეყანას საარჩევნო 2016 წელს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული პრაქტიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ „კარმუშკის" შესაძლებლობები ყოველთვის შეზღუდულია, ეს შეზღუდულობა განსაკუთრებით იჩენს თავს ფინანსური კრიზისის პირობებში, ხოლო ასეთი კრიზისის ყველა წინაპირობა დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, არსებობს და სახეზეა.



აი, მოკლედ ის, რაც მინდოდა მეთქვა „კოჰაბიტაციურ" ანატომიაზე, როგორც ქართული „პოლიტელიტის" ფენომენზე - ცნება „პოლიტელიტა", თუ შეამჩნიეთ, მუდმივად ბრჭყალებშია ჩასმული და ეს შემთხვევითობა ან ავტორისეული ახირება სულაც არაა.



ეს - რაც შეეხება „ელიტას". მაგრამ ამით ხალხს რა? - შეიძლება, იკითხოთ თქვენ.



ხალხს? ხალხს არაფერი, ბატონებო, გულის მოფხანის გარდა. ხალხზე ჩვენი „პოლიტელიტა" - არც ერთი მისი შემადგენელი ნაწილი, არც „ქოცური" და არც „ნაცური" არ ფიქრობს საერთოდ. მას სხვა საზრუნავი აქვს - მაგალითად, როგორ გადაირჩინოს საკუთარი თავი მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში.



რას იზამ, ჩვენი ბრალიცაა. თავის დროზე წყობა ავირჩიეთ ასეთი!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016