ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 20 იანვარი, 2019. 09:40
პრეს-დაიჯესტი
დიდუბის პანთეონი დაიხურა!
ავტორი:
15 ივნისი, 2015. 12:27


ბადრი ქუთათელაძე: ხანდახან ღამის 12 საათზეც აქ ვარ და სულაც არ მეუფლება განცდა, რომ სასაფლაოზე ვიმყოფები!


გაულ კვირას, დიდუბის პანთეონის დაარსებიდან 100 წლის შემდეგ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტერიტორიაზე დაკრძალულია 800 ადამიანი და როგორც პანთეონის დირექტორმა ბადრი ქუთათელაძემ განაცხადა, სხვა მიცვალებულის დასაკრძალად ადგილი აღარ არის:


- დიდუბი პანთეონის ტერიტორია 5 446 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დაკრძალულია 800 ადამიანი (მთაწმინდაზე 51 განისვენებს). 2005 წელს, როდესაც დირექტორად დამნიშნეს, გარკვეული მიწის ფართობი მეც შემოვუერთე (თბილისის მერია დამეხმარა. ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებას აქ კარუსელის დადგმა უნდოდა) და რამდენიმე ადამიანის დაკრძალვა კიდევ მოხერხდა. ბოლოს დაიკრძალნენ რეზო ჩხეიძე და შემდეგ - გურამ ბზვანელი. ადგილი უკვე აღარ არის, მივიღეთ პანთეონის დახურვის გადაწყვეტილება. ახლა ვიზრუნებთ დანგრეული საფლავების, ძეგლებისა და გზის აღდგენა-რესტავრაციაზე. გვინდა, რომ პანთეონი კულტურული კერა გახდეს, მეომრიალი, სადაც ბავშვებს ჩაუტარებენ ღია გაკვეთილებს. აქ დაკრძალულია მეცხრამეტე (ბოლო პერიოდის) და მეოცე საუკუნის საქართველოს გონიერი თაობა, ძვირფასი ადამიანები მათი დავიწყება არ შეიძლება.


- პანთეონი დაიხურა, მაგრამ, თუკი უახლოეს პერიოდში რაღაც მოხდა, რომელიმე მოღვაწისთვის გამონაკლისს არ დაუშვებთ?

 

ადგილი აღარ არის, ღმერთმა არ ქნას, ვინმეს რამე დაემართოს. იმ ადგილას, სადაც რეზო ჩხეიძე დაიკრძალა, დიდი კაბელები გადიოდა, გადატანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიის ჩარევა დაგვჭირდა. მოკრძალებულია როგორც ბატონი რეზოს, ისე გურამ ბზვანელის (გიგა ლორთქიფანიძის გვერდით) საფლავი. ეს საფლავები ჯერჯერობით მოპირკეთებული არ არის.


- ახალი პანთეონი სად იხსნება?

 

- მახათას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკმაოდ დიდი ადგილია. ეს იქნება სულ სხვა სტილისა და დაგეგმარების პანთეონი. პრეტენზიების თავიდან აცილების მიზნით, შეიძლება ერთი მასალისგან ერთნაირი საფლავებიც გაკეთდეს. ეს საკითხი მოკლე დროში გადაწყდება.


- ბატონო ბადრი, ამ პანთეონში ადგილები მეუღლეებისთვისაც იყო გამოყოფილი?

 

- პანთეონში ტრაიციად მოდიოდა, რომ მეუღლეები ერთად დაეკრძალათ. შვილიც კი, თუკი, ის ხელოვნებასა და მწერლობას ემსახურებოდა - ერთ შემოსაზღვრულ ცოკოლში იკრძალებოდნენ, მაგალითად, კარლო კალაძის გვერდით დაკრძალულია მისი მეორე მეუღლე გულნარა ჯაფარიძე, ხოლო პირველი მეუღლე თამარ აბაკელია და შვილი - გულდა კალაძე ერთად განისვენებენ. მთაწმინდაზე ასეთი ტრადიცია არ არის. იქ ერთად განისვენებენ მხოლოდ ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე და მიშა ჭიაურელი, ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეუღლე, სიმონ ჩიქოვანის საფლავზე კი მიმობნეულია მისი მეუღლის ფერფლი.


- დიდუბის პანთეონში ერთადერთი პოლიტიკოსის საფლავია...

 

- დიახ, ზურაბ ჟვანიასი. პანთეონის შექმნის პირველ დებულებაში ეწერა - აქ შეიძლება დასაფლავდეს მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსიც, თუკი, მას სამწერლო ასპარეზზე ან მეცნიერებაში წვლილი მიუძღვის. შეიძლება დასაფლავდეს ის ქველმოქმედი და სპორტსმენიც, რომელიც ამ პანთეონისთვის 10 ათას მანეთს გაიღებს.


- ბატონო ბადრი, ვინ იყო პანთეონში დაკრძალული პირველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე?

 

- ეს იყო ქალაქის განაპირა ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო საჯინიბოები. ტაძარი, რომელიც ამ პანთეონში დგას. მეთორმეტე საუკუნეში თამარ მეფის მამის მიერაა აგებული. ლეგენდა ასეთია, გიორგი მესამის მეუღლე, თამარის დედა, შეუძლოდ გამხდარა და მეფეს უფლისთვის უთხოვია, მეუღლე თუ გამომიჯანმრთელდა, ამ ადგილზე ტაძარს და სასახლეს ავაშენებო. ორივე ააშენა, მაგრამ სასახლემ ჩვენამდე ვერ მოაღწია, ტაძარი კი გადარჩა. აქ დაქორწინებულან თამარი და დავით სოსლანი. დროთა განმავლობაში ტაძარი რამდენჯერმე აღადგინეს, ბოლოს, ინტელიგენციის მოწადინებით, 1882 წელს ის აღადგინა ცნობილმა არქიტექტორმა ალექსანდრე ჩიქოვანმა, ხოლო გასული საუკუნის 60-70 წლებში მოხატა ალექსანდრე ბანძელაძემ (რომელიც დღეს ამ პანთეონში განისვენებს). პირველად ტაძრის ეზოში იკრძალებოდნენ სასულიერო პირები, შემდეგ მოხდა ეზოს რეკონსტრუქცია, დააგეს ასფალტი, რომლის ქვეშაც ბევრი საფლავი მოჰყვა. 1983 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, საკითხი დაისვა, რომ განჯიდან გადმოესვენებინათ ნიკოლოზ ბარათაშვილი და აქ დაეკრძალათ, რაც განხორციელდა კიდეც. ესე იგი, ოფიციალურად, ამ პანთეონში ერთ-ერთი პირველი სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიკრძალა. იმავე წელს თბილისში გარდაიცვალა ალექსანდრე ყაზბეგი, მაგრამ მთიდან ჩამოსულმა მისმა ახლობლებმა ცხედარი ყაზბეგში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. ამ ფაქტის გამო კოტე მესხი გულისტკივილს გამოთქვამდა, გამორჩეული ადგილი არა გვაქვს, ჩვენი დიდი წინაპრები რომ დავკრძალოთ და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ვუწოდოთო. შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აღძრა საკითხი პანთეონის შექმნის შესახებ. ეს პანთეონი ოფიციალურად გაიხსნა 100 წლის წინათ, 1915 წლის 26 მაისს. 1938 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რა საჭიროა პანთეონიო და მისი დახურვა გადაწყვიტა, თუმცა, ფეხზე დადგა ინტელიგენცია და მისი დახურვა არ დაუშვა.


- რატომ შეარჩიეს ეს ადგილი?

 

- ჩათვალეს, რომ ამ ტაძარსა და ტერიტორიას დიდი მადლი ჰქონდა. აქ ერთ-ერთი პირველნი დაიკრძალნენ დავით სარაჯიშვილი, ალექსანდრე როინაშვილი, ივანე როსტომაშვილი. აქ იყო დაკრძალული ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი. მერე, რატომღაც, ჩათვალეს, რომ დავით სარაჯიშვილი მწერალი არ იყო, აქ რა უნდაო, და კაცი, რომელიც თან გადაჰყვა ქართველ ინტელიგენციას, საფლავიდან ამოიღეს და ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს, შემდეგ - მეუღლესთან ერთად, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გადაასვენეს, რადგან მის აშენებაში დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი;


- დიდუბის პანთეონიდან ვინ არიან გადასვენებულნი?

 

- 1935 წელს აქედან მთაწმინდაზე გადასვენდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა და იაკობ გოგებაშვილი. ჩემს დროს გადავასვენეთ უშანგი ჩხეიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო ცხვედაძე (უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, გადასვენდა უნივერსიტეტის ეზოში).

- დიდუბის პანთეონს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს?

 

- დიახ, მთელი საბჭოთა სივრციდან მოდიან კოტე მახარაძის, სოფიკო ჭიაურელის, თენგიზ სუხიშვილის, სპარტაკ ბაღაშვილის, გიორგი შავგულიძის საფლავზე. ამასწინათ უკრაინელები მომადგნენ, 9 კაცი, გიორგი ნიკოლაძის საფლავზე მოვედითო - გიორგი ნიკოლაძე მეცნიერი იყო, მეტალურგიული საქმის ფუძემდებელი, დონბასში მეტალურგიული ქარხანა ჰქონია გაკეთებული. უკრაინიდან მიწა ჩამოიტანეს, პატივი მიაგეს. გაბრიელ ჯაბუშანურის საფლავზე ჩეჩნები ჩამოვიდნენ, მთელი დელეგაცია. იეთიმ გურჯის საფლავზე ახალგაზრდები მოვიდნენ, მოიტანეს დუდუკები. ერთხელ, შუა ღამეს ზურაბ ქაფიანიძის საფლავზე უცხოეთიდან ჩამოსულმა ქართველებმა მოსვლა ითხოვეს, მთელი ღამე იქეიფეს, წლების წინათ, თურმე ზურასთან ერთად რესტორანში მოულხენიათ.


-  პანთეონში ბოლო დროს ვინ გადმოასვენეს?

 

- გადმოსვენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, როგორ შეიძლება დავით გურამიშვილის უკრაინიდან გადმოსვენება. არც ქაქუცა ჩოლოყაშვილი უნდა გადმოესვენებინათ. ეს ადამიანები ბედმა და ისტორიამ იქ აცხოვრა და იქ გარდაიცვალნენ, არც სოლომონ დოდაშვილი უნდა გადმოესვენებინათ, რუსებს გრამატიკა შეუქმნა. წლების წინათ აქ პანთეონში გადმოსვენებულნი არიან: მიქელ თამარაშვილი, კალისტრატე სალია, ზურაბ ავალიშვილი, ტერენტი გრანელი. მეორე წელია, რაც ელდარ შენგელაიამ აქ გადმოასვენა ვასილ ჩხაიძე - პიპინია. ვასილის შვილი გარდაცვლილია, საფლავი რომ არ დაკარგულიყო, ელდარმა იყოჩაღა.


- ექსჰუმაცია თუ განხორციელებულა?

 

- არა, ზურაბ ჟვანიაზე არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა. შვილის საფლავზე ყოველ მეორე დღეს მოდის ქალბატონი რემა, ყვავილები მოაქვს, სანთლებს ანთებს.


- მთავრობის წევრები დადიან?

 

- წინა მთავრობიდან სააკაშვილი ერთხელ იყო (ჟვანიას დასაფლავებაზე), ახალი მთავრობის წევრები კი დაკრძალვაზე მოდიოდნენ ხოლმე.


- ერთ ადგილას ალუბალი წითლად ხასხასებს...

 

- მიშა თუმანიშვილის საფლავთან დარგეს მისმა მოწაფეებმა (ჩეხოვის „ალუბლის ბაღის" გასახსენებლად, რომელიც ბატონმა მიშამ დადგა), კახა ქორიძის ეზოდან წამოიღეს რაღაც საოცარი ადგილია, აქ მისტიკური არაფერი შემინიშნავს, მაგრამ ძალიან ბევრი ფრინველი იყრის თავს - გვრიტები, მტრედები, შაშვები. ვინც კი აქ 70-იანი წლებიდან მოყოლებული დაიკრძალა, ყველას პირადად ვიცნობდი და, როცა მოვდივარ ხოლმე, ლამის არის „გამარჯობა" ვუთხრა. ხანდახან ღამის 12 საათზეც აქ ვარ, ვწერ და სულაც არ მეუფლება განცდა, რომ სასაფლაოზე ვიმყოფები!

 



ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016