top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ფულზე გაყიდული

სიკვდილიანობის მაჩვენებლებს რაც შეეხება, 2012 წელთან შედარებას თუ გავაკეთებთ, მაშინ სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 72.1 წელი, ხოლო 2022 წლის მონაცემით (2023 ჯერ არ გვაქვს), ეს მაჩვენებელი 73.7 წელს შეადგენს, – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია როგორც ყველა საკითხში, აქაც ცრუობს.

„სხვათა შორის, გუშინ ისიც მოვისმინე (ალბათ შეეშალათ) ევროპაში ათჯერ მეტს ცხოვრობენ, ვიდრე – საქართველოშიო. გამოდის, რომ თუკი ჩვენთან 73 წელია სიცოცხლის ხანგრძლივობა, ე.ი. ევროპაში 730 წელი ცოცხლობენ. ჩვენი ოპონენტები არანაირ ტყუილს არ ერიდებიან უკვე. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როდესაც ერი არის დემოგრაფიული დაბერების ფაზაში (და ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი და არა – რომელიმე პარტიის „დანაშაული“), ამის მიზეზსაც გეტყვით. როდესაც ხანდაზმულები ასაკობრივ სტრუქტურაში უფრო მრავლად არიან წარმოდგენილები, რა თქმა უნდა, გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მეტი იქნება.

გეტყვით, ასევე, რატომ არის ხანდაზმულთა რაოდენობა მზარდი. სხვათა შორის, პროგნოზი ისეთია, რომ მათმა რიცხვმა 2030 წლისათვის შესაძლოა, მილიონს მიაღწიოს. ამიტომაა 1000-ლარიანი პენსიის დაპირება კიდევ ერთი არარეალური ციფრი, რომელიც ქართულ ეკონომიკასთან არანაირ შესაბამისობაში არ მოდის. მაგრამ რატომ არის ხანდაზმულთა რაოდენობა ასეთი მაღალი? ეს არ არის რომელიმე პარტიის ბრალი. ყველაზე მაღალი შობადობა ქვეყანაში იყო 1961 წელს, როდესაც 104 000 ახალშობილი გაჩნდა (დღეს ეს მაჩვენებელი ამის ნახევარიც არ არის და ამასაც გეტყვით, რატომ), მაშინდელი დაბადებულები დღეს უკვე ხანდაზმულ ასაკში შევიდნენ და ამდენად, ხანდაზმულთა რიცხვი არა პარტიული ნიშნით, არამედ დემოგრაფიული წარსულით არის განპირობებული.

რაც შეეხება დაბალ შობადობას, ესეც არის არა ვაშაძისეული სპეკულაციით, რომ თითქოს ესეც პარტიული დანაშაულია ქვეყანაში ნაკლები რაოდენობის ბავშვები რომ ჩნდებიან, არამედ მეცნიერულად ეს არის გარდაუვალი დაბალი შობადობის რეჟიმი. ეს რამ განაპირობა? გარდა იმისა, რომ 90-იანი წლების შემდეგ შობადობის დინამიკა უარყოფითი იყო, რაც ეკონომიკაზე, ომებზე და ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ქვეყანაში გოგონათა რაოდენობა განახევრდა. დიდწილად, ეს არის სქესის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული აბორტების ბრალი.

60-იან წლებში 466 000 გოგო გაჩნდა ქვეყანაში, ხოლო 2000-2009 წლებში – 236 000, ანუ გოგონათა შობადობა განახევრდა. ამ დროს „ქართული ოცნება“ საერთოდ არ იყო ხელისუფლებაში, მაგრამ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაბრალებ ამას, რადგან ეს არის დემოგრაფიული წარსულის ბრალი. როდესაც განახევრებული რაოდენობის გოგონები გაჩნდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ისინი დედობის ასაკში რომ შევიდნენ, ცხადია, განახევრებული რაოდენობის შვილებს აჩენენ.

მახსოვს, როდესაც 2013 წელს გამოვიტანე ჩემი საკანონმდებლო საქმიანობის პირველი კანონპროექტი – დეკრეტული შვებულების გაზრდა, „ნაცმოძრაობიდან“ მხოლოდ გიგი წერეთელმა დაუჭირა მას მხარი. გამზადებულ კანონპროექტზეც კი გაუჭირდათ მხარის დაჭერა ისევე, როგორც ახლა დაეზარათ და „ევრონესტზე“ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. ამის შემდეგ კიდევ სპეკულირებენ ამ თემით, თითქოს რომელიმეს ქვეყნის ევროინტეგრაცია აწუხებს. არა! ესენი არიან ფულზე გაყიდული, ფულზე დამოკიდებული, უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც არც შობადობა, არც დემოგრაფია, არც ქვეყნის პერსპექტივა აინტერესებთ. სწყურიათ მხოლოდ სისხლი და ხელისუფლებაში დაბრუნება. სწორედ ამიტომ ერგებიან გარე ძალებს, რომ იმ გარე ძალებსაც არ აწყობთ, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვით არის დაკავებული და არა – გარე დაკვეთების შესრულებით. ეს არის რეალობა. ასე რომ, საარჩევნო პროცესში შევდივართ არა მხოლოდ ხელისუფლება და მმართველი გუნდი, არამედ ამ პროცესში შედის საზოგადოებაც. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ ასეთი ცრუპენტელების ტყუილი არ დაიჯეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამათ ხელში ქვეყანა ძალიან სახიფათო ველში გავა, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება. თუმცა ამის საპრევენციოდ ძალიან ბევრს გააკეთებს მმართველი გუნდი და განსაკუთრებით „ხალხის ძალა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ