მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ჭეშმარიტების გზით ევლო და დაეცვა მართლმადიდებლობა
“ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ჭეშმარიტების გზით ევლო და დაეცვა მართლმადიდებლობა და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელებულიყოს, ვინაიდან ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერის გადარჩენის მთავარი საწინდარი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას, გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.
ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებით მადლობას ვუხდით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან ეს დიდი მოვლენა მოხდა მისი დიდი ავტორიტეტით და დიდი შრომის შედეგად. მისი დამსახურება არის არა მხოლოდ ის, რომ მოხდა ავტოკეფალიის აღიარება, არამედ ისიც, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან. ასე რომ, განსაკუთრებით მივულოცოთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დღევანდელი დღე და ვუსურვოთ მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ჭეშმარიტების გზით ევლო და დაეცვა მართლმადიდებლობა და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელებულიყოს, ვინაიდან ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერის გადარჩენის მთავარი საწინდარი“, – განაცხადა მეუფე შიომ.