top_leaderboard

მეუფე შიო: ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც მადლი ღვთისა ეწოდება

“ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც მადლი ღვთისა ეწოდება და რომლის მეშვეობითაც ხდება თანაზიარება ღმერთთან”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეორე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

მას შემდეგ, რაც დიდი მარხვის პირველი დღეები გავატარეთ ჩვენი ცოდვების ხილვით გამოწვეულ მწუხარებაში (როდესაც იკითხებოდა წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის საგალობლები), მარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, წმინდა ეკლესიამ გვანუგეშა და შეგვახსენა, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ცოდვილი, არამედ საფუძველი ჩვენი ბუნებისა არის ხატება ღვთისა და რომ სინანულის სარბიელზე, რომელსაც ჩვენ დიდმარხვაში შევუდექით, ეს ხატება ჩვენში უნდა გაიხსნას მთელი თავისი მშვენიერებით და გახდეს ქმედითი.

და აი, დღეს დიდი მარხვის მეორე კვირაა, რომელსაც აღვნიშნავთ. ეს დღე წმინდა ეკლესიამ მიუძღვნა წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას. ამ წმინდა მამამ დაგვიტოვა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული სწავლება იმის თაობაზე, თუ როგორ იხსნება ღვთის ხატება ჩვენში. იგი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი თანაზიარია ღვთაების. აი რა არის ხატება ღვთისა, რომელიც სინანულის გზაზე იხსნება ადამიანში და ღმერთის თანაზიარად ყოფს მას, ჩვენ, ყველას.

წმინდა გრიგოლ პალამას ამ სწავლებას ეწოდება ისიქაზმი. ეს ბერძნული სიტყვა „ისიქიადან“ ან „ჰესიქიადან“ წარმოიშვა და ქართულად ნიშნავს ,,მდუმარებას”; მაგრამ როგორ მდუმარებას? აქ იგულისხმება განსაკუთრებული მდუმარება, რომლის დროსაც ქრისტიანი აღავლენს განსაკუთრებულ ლოცვას, რომელსაც ,,იესოს ლოცვა” ეწოდება. როდესაც ასეთი მდუმარებიდან აღევლინება ეს ლოცვა, ფერს უცვლის ადამიანის მთელ სულიერ ცხოვრებას, მის სულსაც და მის გულსაც.

ამ ლოცვამ ძალიან დიდი გავრცელება პოვა ჩვენს ეკლესიაში, რადგან ადამიანები თავიანთი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რა ძალა აქვს იესოს ლოცვას, რომელიც არის სინანულის მუდმივი გამოვლინება, მუდმივი გამოხატულება.

წმინდა გრიგოლ პალამა ასწავლის, რომ ღმერთი სამყაროში იმყოფება თავისი ენერგიებით. როდესაც ადამიანი ამ მდუმარების სიღრმიდან ლოცულობს იესოს ლოცვას, მართებულად ლოცულობს, მაშინ იგი ექცევა ამ ენერგიების მოქმედების ქვეშ, ეს ენერგიები მას ღმერთთან აერთებენ და ღვთის თანაზიარს ხდიან. აი, რა საოცარი შედეგი აქვს იესოს ლოცვის ღვაწლს, როდესაც ის აღესრულება ისე, როგორც წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის.

და როდესაც ადამიანი ასე ცხოვრობს, ის აღწევს წარმოუდგენლად დიდ სულიერ სიმაღლეებს, მასში ხორციელდება ეს თანაზიარება, თანაზიარება ღმერთთან (რომელზეც მოგახსენეთ), იმდენად, რომ ადამიანის სხეულიც კი ფერს იცვლის და ღირსი ხდება, მიიღოს ის უქმნელი შუქი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოაბრწყინა თაბორის მთაზე. ამ შუქის ხილვის ღირსი ხდება ადამიანი, ამის გამობრწყინების ღირსი ხდება ადამიანი, რაც დასტურდება მრავალი წმინდანის ცხოვრებით.

ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ეს ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე ,,მადლი ღვთისა” და რომლის მეშვეობითაც ხდება ეს თანაზიარება ღმერთთან.

წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვახსენებს დიდი მარხვის პირველ კვირასაც და დღესაც, მეორე კვირასაც, რომ ჩვენი სინანულის საფუძველი არის სრულიად განსაკუთრებული რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა. ასეთი რწმენა ადამიანისა, ქრისტიანის გარდა არავის შეიძლება, ჰქონდეს, შეუძლებელია, რომ ჰქონდეს, რადგან ადამიანში ისეთი სიდიადე და სიკეთეა ჩადებული, რომ ქრისტიანის გარდა, ამაზე სხვას წარმოდგენაც კი არ შეიძლება ჰქონდეს.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა არის ჩვენი სინანულის საფუძველი, რა არის მიზანი ჩვენი სინანულისა, სულიერი ცხოვრებისა. ეს არის თანაზიარება ღვთისა, რომელზეც მოწმობს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ და მეორე კვირებში და შეგვახსენებს ჩვენს დიდ მოწოდებას და იმ სიდიადეს, რომელიც ჩვენს ბუნებაშია ჩადებული, რაც, ვიმეორებ, არის თანაზიარება ღმერთთან; რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,– აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ასევე იხილეთ