top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: „ნაცებს“ არ მოეწონათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და თქვეს, რომ ის არალეგიტიმურია

ვისი გადაწყვეტილებაც არ მოსწონთ, ყველა არის არალეგიტიმური, ყველას მიმართ შეიძლება ეჭვის გამოთქმა, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ევროპული სტრუქტურების მიმართ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო. შესაბამისად, „ნაცებს“ არ მოეწონათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და თქვეს, რომ ის არალეგიტიმურია, ეჭვი შეაქვთ მის ლეგიტიმურობაში, სისწორეში და ა. შ., – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაში არ მიიღო.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ბოდიშს იმსახურებს და ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა.

„ამ დროს, ლაშა ჩხიკვაძესთან, იმ მოსამართლესთან, რომელზეც რა პიარი და რა ნეგატიური კამპანია აწარმოვეს თვეების განმავლობაში, გახსოვთ. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის „ნაცმოძრაობის“ მხარეს მყოფი ტელევიზიების მხრიდან მოექცა ბულინგის ქვეშ, არამედ დაბარებული იყო სხვადასხვა ადგილას. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა მასთან დაკავშირებით. ჩარევის ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლობის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ძალიან სერიოზული ცუდი დაშვება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ეს დღეს რომ მომხდარიყო, მსგავსი პრეცედენტი დაშვებული არ იქნებოდა. ამას ძალიან თამამად ვიძახი, აქ შეიძლება პიროვნებებზეც იყოს რაღაც დამოკიდებული. მაგრამ მაშინ ჩარევის ეს ძალიან საშიში პრეცედენტი დაშვებული იყო.

ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე არავის მოუხდია ბოდიში იმდენი წლის ანტიკამპანიის გამო სასამართლოს მიმართ, ასევე არავინ მოუხდის მათი მხრიდან ლაშა ჩხიკვაძეს ბოდიშს. მაგრამ ბოდიში რომ ნამდვილად მოსახდელი აქვთ და არაერთს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

 

ასევე იხილეთ