top_leaderboard

ირაკლი ღარიბაშვილი NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე: ქვეყანაში რეგისტრირებულია 31 041 „ენჯეო“. თითო კაცი მაინც ხომ ეყოლება ამდენ ორგანიზაციას? თუ ეს ხალხი გამოვა და ჯერჯერობით ამის მესამედი ვნახეთ, ამაში უჩვეულო არაფერია

„დღეს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 31 041 არასამთავრობო ორგანიზაცია. თითო კაცი, დირექტორი მაინც ხომ ეყოლება ამდენ ორგანიზაციას? თუ ეს ხალხი გამოვა და ჯერჯერობით ამის მესამედი ვნახეთ რუსთაველზე, ამაში უჩვეულო არაფერია. ამიტომ, რაც უნდათ ის გააკეთონ. გამოხატვის უფლება ყველას აქვს და არავის ჩამოერთმევა, ჩვენ დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რომელიც 28 აპრილს არასამთავრობოებისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ მარშს ეხებოდა.

„სხვათა შორის, თუ ვინმეს გახსოვთ, სააკაშვილის მმართველობის დროს თუ ყოფილა კრიტიკა ევროპარლამენტიდან, სენატიდან, კონგრესიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელილი მდგომარეობის შესახებ? ადამიანებს კლავდნენ პირდაპირ ქუჩებში, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეებში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, არეკეტებდნენ – ნული გამოხმაურება, სრული სიჩუმე იყო. ჩვენი ხალხი მიტოვებული იყო ბედის ანაბარა და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. არ გახსოვთ, რა ხდებოდა? მედია არ არსებობდა, სად იყო მედია? სააკაშვილის რუპორები იყვნენ. სასამართლო არ არსებობდა, პროკურატურა არ არსებობდა. ყველაფერი ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი ინტერესების გამტარებლად მოქცეული.

დღეს სასამართლოზე რომ ლაპარაკობენ, კანონის უზენაესობის რეიტინგებით ჩვენს ქვეყანას აქვს პირველი ადგილი აღმოსავლეთ ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით. ვუსწრებთ ევროკავშირის 10-ზე მეტ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

კარგია, რომ ეს აქცია იმართება სხვა დღეს, გონიერება ეყოთ – ეს კარგია და მისასალმებელია. ბზობის დღეს იმართება, ჯერ ერთი, ეს როგორ შეიძლება, მაგრამ გასაგებია მათი მრწამსი და დამოკიდებულება. აქცია გაიმართება კვირას, ორშაბათს ჩვენი აქცია გაიმართება და მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ