„გვარამიას ციხიდან გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილის გარდა, მონაწილეობას იღებდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც, რომელსაც წამოსცდა, რომ გვარამიას გათავისუფლების თაობაზე, ჯერ კიდევ ზურაბიშვილამდე იცოდა”, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, გვარამიას გათავისუფლების შესახებ, პრეზიდენტზე ადრე ვიოლა ფონ კრამონმა „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურებისგან იცოდა.
„სტრასბურგის სასამართლო არ არის ის ინსტანცია, რომელმაც შეიძლება უსამართლობას დაუჭიროს მხარი. ამიტომაც გვარამიას გაოცება, მისი სარჩელის არ მიღების შემდეგ ჩემთვის არახალია, მაგრამ ლოგიკური. გვარამია კრიმინალია და სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ მისი გამოშვება ციხიდან იყო აბსოლუტურად გაუგებარი აქტი.
გვარამიას ციხიდან გათავისუფლებაში მონაწილეობდა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ამ აქტის ხელისმომწერ, არამედ მონაწილეობას იღებდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელსაც წამოსცდა, რომ გვარამიას გათავისუფლების შესახებ, ჯერ კიდევ ზურაბიშვილამდე იცოდა – იცოდა „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურებისაგან, რომელთაც გვარამია თავისუფლებაზე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ციხის საკნიდან დიდ პოლიტიკაში [ბრჭყალებში] შეეყვანათ, რაც გააკეთეს კიდეც.
ანუ გვარამიას გამოშვება იყო პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც მოყვა უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების ნაწილზე, მათ ნაწილობრივ დასანქცირებასთან დაკავშირებით. ასევე, არის ბევრი შორს მიმავალი გეგმები. ტყუილად ველოდებით შეცდომის აღიარებას ან ბოდიშის მოხდას, თუნდაც იმ კონკრეტული მოსამართლის წინაშე, რომელსაც ბრალი წაუყენეს იმაში, რომ გვარამიას მისამართით გამოიტანა არასწორი განაჩენი. სტრასბურგმა დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია – გვარამია არის კრიმინალი”, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.