ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, 30 ათასი მომლოცველის წინაშე რომის პაპმა სააღდგომო მესა აღავლინა. მან მსოფლიოში კონფლიქტების მსხვერპლისთვის ილოცა და იმედი გამთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მოხდება.
„ჩემი ფიქრები, განსაკუთრებით მსოფლიოში, მრავალი კონფლიქტის მსხვერპლისადმია მიმართული, დაწყებული კონფლიქტებით ისრაელსა და პალესტინაში და უკრაინაში. დაე, მკვდრეთით აღმდგარმა იესომ გაუხსნას მშვიდობის გზა ამ რეგიონების ომით მოცულ ხალხებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის მოწოდებასთან ერთად, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების საყოველთაო გაცვლის იმედს გამოვთქვამ“, – განაცხადა რომის პაპმა სააღდგომო მიმართვისას.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, რომის პაპი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, 7 ოქტომბრის თავდასხმისას „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფისკენ, 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების სწრაფი გათავისუფლებისკენ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლვი შეწყვეტისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ მიმდინარე საომარ მოქმედებებს კვლავ მოჰყვეს მძიმე შედეგები სამოქალაქო მოსახლეობისთვის, რომელიც ამჟამად თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა, და რაც მთავარია, ბავშვებისთვის. რამდენ ტანჯვას ვხედავთ ბავშვების თვალებში! ომით მოცულ მიწაზე ამ ბავშვებს დაავიწყდათ, როგორია ღიმილი“, – აღნიშნა რომის პაპმა.