დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი “ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა”.
და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.
წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: “ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?” – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.
მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე – ისრაელის თორმეტ ტომზე – საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო “იაკობის სახლი” უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.
ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: “ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?” ანგელოზი მიუგებს: “სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”, – და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.
მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: “აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა”. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.