ზაზა შათირიშვილი: უსამშობლოები ზურაბიშვილიდან – ნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პრესკონფერენციის შემდეგ რადიკალური ოპოზიციონერი სუბიექტები გამოცვივდნენ და პრემიერს დიპლომატიური ეთიკა დაუწუნეს, თურმე როგორ გაბედა და გერმანელ კოლეგას როგორ უპასუხა მკაცრად პირდაპირ ეთერში. დიაპაზონი ფართოა – ზურაბიშვილიდან ნათელაშვილამდე”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს.
„მე ამ ხალხს დავარქვი უსამშობლო სუბიექტები. მათთვის სრულიად უცხოა სამშობლოს ცნება, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ისინი არა მხოლოდ დავალებებს ასრულებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ბუნებრივად, შინაგანად აქვთ საქართველოს სიძულვილი გაღვივებული.
უსამშობლოები ზურაბიშვილიდან – ნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში და პრემიერს უთხრა – არ მიიღოთ გამჭვირვალობის კანონიო. დიახ, უცხო ქვეყნის ლიდერები ვერ და არ უნდა ბედავდნენ იმის კარნახს, რომელი კანონი მიიღოს პარლამენტმა და რომელი არა. ეს ცალსახად ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების საქმეა.
რაც შეეხება პრემიერ კობახიძის პასუხს – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კოლეგის მიმართ. დიახ, ჩვენ ქვეყანას ამ რთულ და გამოწვევებით აღსავსე პერიოდში სჭირდება სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება. სწორედ ამას ემსახურებოდა კობახიძის პასუხი. მარტივი ტესტია – ვინც საქართველოს პრემიერის ღირსეულ და აუცილებელ პოზიციას არ იზიარებს – ყველა დგას არა სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.
დაბოლოს, უსამშობლოებს ზურაბიშვილიდან – ნათელაშვილამდე პატარა რჩევას მივცემდი, რომ საკუთარი ქვეყნის სიყვარულში ევარჯიშათ, მაგრამ მათი მატარებელი დიდი ხანია საქართველოს გასცდა, დიდი ხანია ჩაიარა“, – წერს შათირიშვილი.