leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიმართა: საქართველოში შენისთანები ლიდერები ვერ გახდებიან, შენ იქნები ხუთი-ექვსი ევროპარლამენტარის ლიდერი

„რა დონეზე უნდა დაეცე, რომ ევროპარლამენტში გეჯდეს კრიმინალი გვარამია, რომელიც როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო სასამართლოს დამნაშავედ აღიარა, უსმენდე მის მესიჯებს და შემდეგ ამუნათებდე ქართულ პოლიციას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, საქართველოში ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ლიდერები ვერ გახდებიან.

„ეჭვი მაქვს, დაფინანსებული იყო, რომ გვარამია ოპოზიციის ლიდერად გამოეცხადებინათ. საკუთარ პარტიაში არ აღიარებენ ლიდერად. ფსევდოსტატუსებით და მანიპულაციებით უნდათ, არჩევნებზე გავიდნენ ლიდერად. ლიდერად კი არა, ორ ბატს არ ჩაგაბარებენ, რადგან ვნახეთ შენი მენეჯმენტი მედიაში. იპარავ და ამისთვის დაისაჯე. ასევე ვნახეთ შენი მენეჯმენტი, პროკურორი რომ იყავი, სიცრუესა და არარსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით იჭერდი ხალხს. ვნახეთ შენი, როგორც ადამიანის ღირებულებების ერთობლიობა, სადაც დგახარ და როგორც დგახარ. კახელებს როცა ეუბნები „ჩაგიფსი ღვინოში“, ესაა შენი ღირებულება და ესა ხარ შენ. ამ განცხადებების პატრონს გაქვს პრეტენზია, პოლიტიკაში მოხვიდე? შენ ამ ხუთი-ექვსი ევროპარლამენტარის ლიდერი იქნები, იქ იქნები ლიდერი. საქართველოში შენისთანები ლიდერები ვერ გახდებიან, მაქსიმუმ ვიწრო წრეში, საიდანაც გამოგაგდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, რომელსაც პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც ესწრებოდა. დებატების დაწყებისას ევროკომისარი პეტრას აუსტრევიჩუსი ნიკა გვარამიას მიესალმა და ის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენია: „მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. მადლობა ერთგულებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის“.

ასევე იხილეთ