top_leaderboard

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე: არც ერთი ადამიანისგან არ გამიგია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობის კანონი მიღებული

„არც ერთი ადამიანისგან, რომელიც ყვირის პარლამენტში და მის გარეთ, არ გამიგია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული. გამიგია სლოგანი, რომ ეს არის რუსული კანონი, მაგრამ რა დგას ამ სლოგანის მიღმა, არგუმენტირებული ანალიზი არ გამიგია”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, რუსუდან გლურჯიძემ განაცხადა.

„მე ვერ შევალ სამართლებრივ მსჯელობაში, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, მქონდეს ინფორმაცია, საიდან და როგორ ფინანსდება რაღაც ორგანიზაციები. როდესაც ჩვენ, კინემატოგრაფისტები ვფინანსდებით ევროპული ფონდებიდან, ძალიან დაწვრილებით და დეტალურ ანალიზს ვაბარებთ ამ ორგანიზაციებს, და არა მარტო მათ – საქართველოში ყოველი თეთრი არის აღწერილი, ყოველ თეთრს ჰქვია სახელი, ნომერი, საბანკო ანგარიში, პასპორტი და ა.შ. ეს არის ნორმა და ევროპული პრაქტიკა, რომელსაც ისინი გვთხოვენ.

ეს არის აწეული თემა, რომლითაც ცდილობენ მანიპულაციას. არც ერთი ადამიანისგან, რომელიც ყვირის პარლამენტში და მის გარეთ, არ გამიგია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული. გამიგია სლოგანი, რომ ეს არის რუსული კანონი, მაგრამ რა დგას ამ სლოგანის მიღმა, არგუმენტირებული ანალიზი არ გამიგია. რატომ არ უნდა ჩააბარონ მათ დეკლარაცია?

მე ეს მიჩენს განცდას, რომ დღეს გავდივართ ძალიან რთულ პროცესს. დავარქვათ ამას სახელმწიფოს გაძლიერება, ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. არასოდეს არ ყოფილა საქართველო ისეთი სუვერენული როგორიც დღეს არის. არის არჩევნები, რომლებიც მოგვადგა კარს, და არიან ოპონენტები, ოპოზიცია, რომელიც გამოიყენებს ნებისმიერ თემას. ძალიან ცუდია, რომ ისინი მანიპულირებენ ახალგაზრდებით. ზოგადად, მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და მათ აღელვებთ საქართველოს ბედი, ქვეყნის დამოუკიდებლობა. მე ვამბობ ახალგაზრდების ნაწილზე, იმიტომ რომ ასევე არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ოპოზიციის მიერ არის სპეციალურად შემზადებული“, – აღნიშნა რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ.

ასევე იხილეთ