top_leaderboard

ნუკრი შოშიაშვილი: კოგნიტიური ომის მთავარი მიზანია, ადამიანები დააბნიო, პანიკაში ჩააგდო – როდესაც ვითარების არსი არ გესმის, ქვეცნობიერად ენდობი არქეტიპულ სახეებს

„რატომ არის ჯენზიზე გამახვილებული ყურადღება – ამ თაობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვირტუალური სფერო და ასეთი ადამიანები ამ სივრცეს უფრო ენდობიან, ვიდრე იმ სივრცეს რასაც ყოველდღიურობაში ჩვენ ვენდობით. ეს ბავშვები აღმოჩნდნენ „ბაბლების“ საზოგადოებაში, ხვდებიან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებში, კონკრეტულ ლექტორებთან, რომლებსაც პანიკაში გადაჰყავთ, დეზინფორმაციას აწვდიან ხშირ შემთხვევაში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შოშიაშვილი გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და ამ კონტექსტში კოგნიტიური ომის არსზე და მის პრინციპებზე ისაუბრა.

„რა არის კოგნიტიური ომის მთავარი არსი, რომელზეც აკერმანი წერს – თუკი ფსიქოლოგიურ-ინფორმაციული ომის მთავარი მიზანია, რომ მოწინააღმდეგე დაარწმუნო კონკრეტულ იდეაში, კოგნიტიური ომის მთავარი მიზანია, გამოიყვანო წყობიდან მისი ემოციური მდგომარეობა, დაბნეულობაში შეიყვანო და პანიკაში ჩააგდო. საკმარისია 15-დან 17%-მდე საზოგადოების ნაწილი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მათ სხვა დანარჩენები აიყოლიონ. შემდეგ უკვე ასეთ ადამიანებთან პოზიტიური დიალოგი შეუძლებელი ხდება. შემდეგი ეტაპი არის არქეტიპები – ეს არის სლოგანები, ხატება, მაგალითია დროშიანი ქალი. პირველი მსოფლიო ომიდან დააკვირდნენ რას – ჯარი, რომელიც არ მიდის წინ, თუკი იქ ექთანი იქნებოდა, რომელიც დროშას აწევდა, გაჰყვებოდა ეს ჯარი. როდესაც შენ ვითარების არსი არ გესმის, ქვეცნობიერად ენდობი ამ არქეტიპულ სახეებს. ენდობი დროშიან ქალს, ენდობი ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც პოლიციელს ყვავილს გაუწვდის. არქეტიპულად უნდა წარმოაჩენდე შენ, რომ ხარ მშვიდობისმოყვარე, მაგრამ ამავე დროს აგრესიული უნდა იყო, ეს აგრესია შენი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ დამუშავებამდე უნდა მიდიოდეს. შესაბამისად რთულია იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც ისტერიულ მდგომარეობაში არიან, პოზიტიურ დისკუსიაში არ შემოდიან და ერთი და იგივე სლოგანს იმეორებენ. ყველაზე მნიშვნელოვანია სლოგანები. ის სლოგანი რომელიც მათ შექმნეს – „რუსული კანონი“, ამით იდეოლოგიურად გაიმარჯვეს, რადგან ისინი დისკუსიაშიც აღარ შემოვლენ. პირდაპირ წერია – არ უნდა შეხვიდე დისკუსიაში, სლოგანი უნდა იყოს წმინდა, საკრალური.

რატომ არის ჯენზიზე გამახვილებული ყურადღება – ამ თაობისთვის მნიშვნელოვანია გაცილებით ვირტუალური სფერო და ასეთი ადამიანები ამ სივრცეს უფრო ენდობიან, ვიდრე იმ სივრცეს რასაც ყოველდღიურობაში ჩვენ ვენდობით. ეს ბავშვები აღმოჩნდნენ „ბაბლების“ საზოგადოებაში, ხვდებიან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებში, კონკრეტულ ლექტორებთან, რომლებსაც პანიკაში გადაჰყავთ, დეზინფორმაციას აწვდიან ხშირ შემთხვევაში. ხშირად ეუბნებიან, რომ წინა თაობები ცუდია და არ დაუჯერონ წინა თაობებს, ეიჯიზმი არის ფეხმოკიდებული და ეს ადამიანები ხვდებიან ისეთ საინფორმაციო სივრცეში რადგან „ბაბლური“ საზოგადოებაა, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციას იღებენ“, – განაცხადა შოშიაშვილმა.

ასევე იხილეთ