leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას

„ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებას აინტერესებს, ქვეყანაში რა ფინანსდება და ვისგან ფინანსდება.

„გვქონდა მცდელობა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა როგორც „ენჯეოები“, ისე მათი დონორები, რომ მათ თვითრეგულირებით, პირადი ინიციატივით აეღოთ ვალდებულება და გაესაჯაროებინათ ის, რაც ჰქონდათ 2016 წელს ნათქვამი.სამწუხაროდ, ეს ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, დასამალი არის რაღაცები საზოგადოებისგან. თქვენ როცა საუბრობთ, რომ სახელმწიფომ შეიძლება, რაღაც იცის, აქ იგულისხმება საგადასახადო ორგანო, სადაც მიდის ნაწილი ინფორმაციისა, პირობითად საშემოსავლო გადასახადის. ფინანსთა სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს ამ პროექტების შინაარსი და მიზნობრიობა. ბუღალტრული ანგარიშგებაა, რაც იქ ხდება. შინაარსი არავის აინტერესებს, შინაარსი აინტერესებს საზოგადოებას – რა ფინანსდება, ვისგან ფინანსდება, რადგან შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ შემოდის ფული. მაგალითად, კიდევ ერთხელ დავასახელებ ევროპის დემოკრატიის ფონდს, რომლის ხელმძღვანელობაში არიან ზუსტად ის ევროპარლამენტარები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი. მათგან ორი არის ხელმძღვანელ ორგანოში ევროპის დემოკრატიის ფონდისა. კანონი მათ შორის ამ ფონდის გამჭვირვალობას ეხება.

რა თქმა უნდა, მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს, ვინაიდან შემდეგ გახდება ცნობილი, რას აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში. პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში –  ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, გაასაჯაროონ ეს თანხები. მაგალითად, შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა „დროას“ და თურმე არსებობს ყალბი სქემა, როდესაც პარტია „დროას“აქვს შექმნილი ენჯეო „დროა“, რომელსაც, ასე ვთქვათ, არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ აქვს და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში. შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების პროექტებს „სირცხვილიას“ მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული „ენჯეოებისა“, რომლითაც ხდება დაფინანსება.

ევროპის დემოკრატიის ფონდთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთან. მათ შორის ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი ევროპის დემოკრატიის ფონდთან დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს. ასევე დამიდასტურა, რომ გაეცნო, რა პროექტებს აფინანსებენ და იქ ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, წარმოედგინათ და გაესაჯაროებინათ ეს პროექტები, სამწუხაროდ, უარი მივიღე. უპირველეს ყოვლისა, უარი მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა მარტივია, ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება. საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ. ხედავთ, როგორია, მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს, მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ