leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო-სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა?

„საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ არის ხალხის ძალის დასაცავი,“ – განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ მიმართა, ყველაფერი გაკეთდეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც სასტიკი რეჟიმის გასასამართლებლად. მაჭარაშვილის თქმითვე, გუშინ რუსთაველისა გამზირზე საერთო – სახალხო შეკრებაზე მისულმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ მისცა ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, გააგრძელონ ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.

„მინდა მივმართო ოპოზიციას, რატომ ნერვიულობთ, ვერ გავიგე. რვა არჩევნები წააგეთ და ისევ წააგებთ მეცხრე არჩევნებსაც. 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო-სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა? გუშინ გამოვიდა 200 ათასი ადამიანი და მილიონზე მეტი ადამიანის სახელით ხელახლა მოგვცა ლეგიტიმაცია იმაზე, რასაც ვაკეთებთ და შემდგომში გავაკეთებთ საქართველოს სუვერენიტეტისთვის. დამშვიდდით და შეირგეთ მეცხრე წაგება არჩევნებზე. ახლა მინდა მათ მივმართო, ვინც აქ დადიან ილია ჭავჭავაძის სურათიანი მაისურებით. დიდი ილია ბრძანებდა, ზოგიერთი საგანი ისეთი რამაა, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ამიტომ ვერ ხედავენ ვაშაძე და ბოკუჩავა იმას, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე ხდებოდა. დიახ, თუ არ ირწმუნებ ვერ დაინახავ, ვერ შეიყვარებ, არც გეტკინება და სწორედ ამიტომ არ გტკივათ საქართველო და მისი სუვერენიტეტი. სწორედ ამიტომ არ გიყვართ საკუთარი ერი, რომელსაც დასცინით იმის გამო, რომ უყვარს სამშობლო, პატივს სცემს ტრადიციებს და სარწმუნოებას იცავს. ქართველ ხალხს ყოველთვის სწამდა ეკლესიის, რწმენის და სამშობლოს სიყვარულის, ამიტომაც მოვიდა დღემდე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ისტორიულად საქართველოს წინააღმდეგ უცხოური ძალა სწორედ სარწმუნოებას უცხადებდა ბრძოლას, რადგან ხედავდა, რომ სარწმუნოებაში იყო ხალხის ძალა. თუ ხალხს ამ ძალას წაართმევ, ადვილად დაამარცხებ, რადგან თუ ადამიანს მუდმივად აწმყოში აცხოვრებ და წარსულს დაავიწყებ, მომავლის რწმენას დაუკარგავ. სწორედ ეს რწმენა დაუკარგეთ ზოგიერთ ახალგაზრდას და სიტყვა სარწმუნოება ამოაღებინეთ ილია ჭავჭავაძის დანაბარებიდან.

ამიტომაც გითხრათ გუშინ მთელმა საქართველომ უარი, უარი უთხრა თქვენს ურწმუნოებას, თქვენს მონურ აზროვნებას, შეურაცხყოფას და დაცინვას საკუთარ ერზე. დღესაც სწორედ ამიტომ ებრძვის სარწმუნოებას უცხოური ძალა რადიკალური ოპოზიციის დახმარებით. ებრძვის ყველა ხერხით – აგინებს პატრიარქს, ლანძღავს ეკლესიას, შეურაცხყოფს ხატებს და ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას. მე შეგახსენებთ თქვენს „ბრძნულ გამონათქვამებს“. „საპატრიარქო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა და რუსეთის გაგრძელებაა“, თქვა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გვარს შეგნებულად არ დავასახელებ; „საპატრიარქო ოკუპანტთან არის ჩახუტებული“ – გირჩი – ჯაფარიძე, შავი ფულის ამღები ამბობს ამას; „კარგი იქნება პედოფილ, მრუშ მღვდლებს მიხედონ“ – გიორგი მშვენიერაძე, შავი ფულის ჩამჯიბავი; „ეკლესია სტალინისტებით არის სავსე, პატრიარქის თამადობით და განახლებას საჭიროებს“ – ეს სიტყვები ეკუთვნის დავით მეოთხე ბერძენიშვილს (ჭყონდიდელობა მოუნდა, რუის-ურბნისის კრების ჩატარებას სურს ალბათ). ამათ არ ჩამორჩა ხალხის შეურაცხმყოფელი და სამშობლოს სიამაყით გამყიდველი ზურაბიშვილი „პატრიარქი მოძველდა და შეცვლაა საჭირო“ – რამდენს მოინელებს პატრიარქი ზურაბიშვილისნაირს, ამას ვნახავთ. იცით, რატომ იღებთ მარცხს? იმიტომ, რომ რწმენა არ გაქვთ. ამიტომ ხართ დაბოღმილები და ამიტომ არ გიხარიათ ქართველი ხალხის სიხარული.

როცა ყველა უცხოელი გვაქებს გამჭვირვალობაში, თქვენ მაშინ გელანდებათ შავი ლენტები ნაძვის ხეზე და შავი ხვრელები საქართველოში. გელანდებათ შავი ფული, რომლის გამოც მზად ხართ ქართველისთვის უღირსი საქციელი ჩაიდინოთ – ცალ ფეხზე დაუდგეთ პატრონს, შარვალი ჩაიხადოთ ოკუპანტის წინაშე და ქვეყნის სუვერენიტეტი დაუთმოთ პატრონებს. ამიტომ უთხრა უარი ქართველმა ხალხმა შავ ლენტებს, შავ ხვრელებს, შავ ფულს და აირჩია თეთრი შავის ნაცვლად, სარწმუნოება ურწმუნოების ნაცვლად, სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად, არჩევნები რევოლუციის ნაცვლად, ტრადიციები ლგბტ პროპაგანდის ნაცვლად და სიყვარული, რომელიც, თქვენს სამწუხაროდ საერთოდ არ გაგაჩნიათ. ამ ყველაფრის გამო ამბობს „ხალხის ძალა“, რომ გასასამართლებელია რეჟიმი, სახელად „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნებას„ მივმართავ, რომ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი, თორემ ჩვენ სულ ასეთ რეჟიმში ვიქნებით. საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ არის ხალხის ძალის დასაცავი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ