leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

კონკურენტული ინოვაციების ფონდის რიგით მეორე კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 14 პროექტმა  მოიპოვა. CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად 2,2 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა.

CIF-ის საგრანტო კონკურსი გულისხმობს უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ CIF-ის საგრანტო კონკურსი 2022 წლიდან ხორციელდება და ორი წლის განმავლობაში დაფინანსება ჯამურად 27 საგრანტო განაცხადმა მოიპოვა.

CIF-ის უმთავრესი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. კონკურენტული ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

ასევე იხილეთ