leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: პირობას ვდებთ, რომ როგორც კი 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება

„შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სუბარმა გაიხსენა ის საერთაშორისო დოკუმენტები, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარეა დადანაშაულებული და რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე თავის დიდ გამარჯვებად ასაღებდა.

„ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო 2008 წლის ომი და ის ღალატი, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა – მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. მე აღარ ვილაპარაკებ ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე, „1633“-ის სახელით რომ არის ცნობილი, რომელზეც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა რატი იონათამიშვილმა ვრცლად ისაუბრა და სადაც ამ ღალატის დოკუმენტური გაფორმება მოხდა ომის დამთავრებიდან ორ თვეში. სამაგიეროდ, წავიკითხავ ერთ ციტატას, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციის დღევანდელ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს: „იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე, ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებასა და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. სააკაშვილი ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და სანამ არ გასამართლდება, მანამდე საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და ვერც რუსეთს მოვთხოვთ პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე“.

დღეს ამ სიტყვების ავტორი იმ ძალებთან ერთად, რომელთაც ომის დაწყებასა და ქვეყნის გაყიდვაში ადანაშაულებდა, სათავეში უდგას საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რაც სააკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა საქართველოსა და პირადად მის უდიდეს გამარჯვებად. არადა, ამ დასკვნაში წერია, რომ „ომი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე, 2008 წლის 7-8 აგვისტოს. უფრო მეტიც, მისიამ განაცხადა, რომ როდესაც საქართველომ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლადაც თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა. ამ სიტყვებს რომ საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად გამოაცხადებ, ამას ერთადერთი სახელი აქვს – სამშობლოს ღალატი. ნაციონალურმა მოძრაობამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს დასკვნა საქართველოსთვის. ამიტომ მათ უარი თქვეს მის თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, რათა ის, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, არ გაეგო ქართველ ხალხს. წავიკითხავ, რას წერს იმდროინდელი მსოფლიო პრესა ამ დასკვნის შესახებ. სააგენტო „როიტერსი“: “საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ევროკავშირის ანგარიში თბილისს ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მოსკოვს.“ „უოლ სტრიტ ჯორნალი“: „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“.

ეს არის სტატიის სათაური, ტექსტში კი წერია, რომ „მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ანგარიშის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაისროლა პირველმა“. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ფრონესა და კოდორის ხეობებში, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. ამ ღალატს წინ უსწრებდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა; ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა;

2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება და უამრავი პროვოკაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ