leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერცერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს

„თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ პრობლემა არის ხელისუფლებაში, რადგან „არც ევროკავშირში და  არც ევროპარლამენტში მოკავშირე არ დარჩათ“.

„ყველაზე მთავარი არის ერთი რამ – თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს – შესრულდა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის საჭიროება, რადგან იმ ქვეყნებზე გაცილებით წინ ვართ ყველა ასპექტში, ყველა კრიტერიუმით, ვისაც სტატუსი მისცეს. „დაჩმორებასა“ და შეურაცხყოფაზე რომ ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული მაგალითია – შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც იკადრეს საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ესეც მარტივია: პოლიტიკური მიზნით უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, რომ არეულობა მოეწყოთ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგები ხართ, იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ევროპა მისთვის ღირებულებებია და არა ამჟამინდელი ბიუროკრატები.

„ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ.  ჩემთვის ევროპა არის ღირებულებები, რითაც ვცხოვრობ მე და ჩემი ოჯახი. ასე მინდა იცხოვრონ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა და მივდივართ ზუსტად იმისკენ, რომ ეს ევროპული ღირებულებები გავაძლიეროთ და ძლიერი სახელმწიფოთი გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ