top_leaderboard
left_sabechdi

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს ადამიანები არ შეცვლილან, იგივე ადამიანები არიან – როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ

„ეს ადამიანები არ შეცვლილან, იგივე ადამიანები არიან – როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ”, – განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს ყველა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანზე.

„ვინ იყო ის, ვინც ასაჯაროებდა პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრებს? ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც გადადიოდნენ პირად შეურაცხყოფაზე, უგზავნიდნენ წერილებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა? ეს შეიძლება, ყოფილიყო სპორტსმენი, ფეხბურთელი, მომღერალი, ხელოვანი, არ აქვს, მნიშვნელობა, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც პირდაპირ აშანტაჟებდნენ, ურეკავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, რადგან მათ უბრალოდ მათ სხვა მოსაზრება ჰქონდათ. ესე იგი, თუ შენ არ ეთანხმები მათ – უმცირესობას, რომელსაც დღეს ისინი წარმოადგენენ, ხარ ქვეყნის მტერი. ეს იარლიყების მიკერება არის ჩვეულებრივი ფაშისტური ქმედებები. ეს ადამიანები არ შეცვლილან, იგივე ადამიანები არიან – როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ. უფრო მძაფრად ახორციელებდნენ ქმედებებს, კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს მათ უბრალოდ, ამდენი რესურსი არ აქვთ, მაგრამ რა შესაძლებლობებიც გააჩნიათ, არ იშლიან ამ ყველაფერს. ეს არის მათი რეალური სახე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ, ვისაც სხვა მოსაზრებები და შეხედულებები აქვთ ამ კონკრეტულ მიმდინარე თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა მიმდინარეობს იმ ადამიანებზეც, ვინც შესაძლოა, რეალურად არ იცნობდეს გამჭვირვალობის კანონპროექტის თემას.

„ვიღაცამ შეიძლება, მართლა არ იცოდეს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით თემა და არ აფიქსირებდეს თავის მოსაზრებას. არ აინტერესებთ, შეუვარდებიან, ლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება, მას არ ჰქონდეს პოზიცია და თუ ის დააფიქსირებს პოზიციას, მაგალითად, რომ გამჭვირვალობა მისაღებია და როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ევროპას შეეწინააღმდეგოს, მაშინვე მიდის თავდასხმა, შეურაცხყოფის მიყენება. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, რისი მომსწრენიც ვართ“, – აცხადებს კახა კალაძე.

ასევე იხილეთ