leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვალერი კვარაცხელია: ის ასაკიც აღარ მაქვს, თავს შეგუებისა და კონფორმიზმის ფუფუნების უფლება მივცე

ორი კვირის წინ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ახალი პროექტი „სპეციალური გამოშვება“ გამოჩნდა, რომელსაც „ტვ 4“-ის ეთერში ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია უძღვება. რატომ დატოვა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „ობიექტივი“ და რა სიახლეს უნდა ელოდოს მაყურებელი მისი ახალი სატელევიზიო ციკლიდან… „რეპორტიორის“ სტუმარია ვალერი კვარაცხელია.

– ბატონო ვალერი, ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა თქვენი ახალი გადაცემა „სპეციალური გამოშვება“. სანამ ახალი ციკლის შესახებ გკითხავდეთ, მინდა გავიგო „ობიექტივიდან” თქვენი წამოსვლის მიზეზი. იქ ხომ დიდხანს მუშაობდით? 

– დიახ, თითქმის თორმეტი წელიწადი გავატარე „ობიექტივში“, თუმცა, მუშაობას ვერ დაარქმევ იმას, რაშიც არც გასამრჯელოს ვიღებდი და არც ჰონორარს, მაგრამ მაყურებლებამდე სიმართლის მიტანის ენთუზიაზმი იმდენად მაღალი იყო, რომ თერთმეტი წელიწადი ასე ვიმუშავე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ „ობიექტივმა“ დემოკრატიის ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომლის მსგავსი არ ყოფილა საქართველოში. „ობიექტივის“ ეთერი მისი დაფუძნების დღიდანვე ღია იყო განსხვავებული მსოფლმხედველობებისა და მიმართულებებისთვის. ასეა დღემდე. ეს მარტივი არ არის. ვინც ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცის, რა მასშტაბის ზეწოლას განიცდის ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, ნებისმიერ პერიოდში. „ობიექტივის“ მესვეურები ამას უძლებდნენ და ცდილობდნენ, როგორც წამყვანებისთვის, ასევე მსმენელებისა და მაყურებლებისთვის აზრის გამოთქმისა და თვითგამოხატვის საშუალება ყველა შემთხვევაში მიეცათ. ამ თვალსაზრისით „ობიექტივი“ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.

– რატომ შეელიეთ „ობიექტივს“?

– თერთმეტი წელიწადი დიდი დროა. მეც მჭირდება სიახლე და შეიძლება „ობიექტივსაც“ თავი მოვაბეზრე (იცინის).

– სანამ ამ ახალი გადაცემების შინაარსზე გკითხავთ, ყურადღებას მის დასახელებაზე გავამახვილებ. სპეციალურ გამოშვებას ხომ რომელიმე მნიშვნელოვან კონკრეტულ მოვლენას უძღვნიან, თქვენ კი ასე უწოდეთ გადაცემათა მთელ ციკლს, რომელიც შესაძლებელია წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამით რას ეუბნებით თქვენს მაყურებლებს, ყველა გადაცემა საგანგებო დატვირთვის მატარებელი იქნება?

– შეიძლება ითქვას, რომ ჩანაფიქრი გამოიცანით. სწორედ ასეთი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელი მინდა იყოს ეს ციკლი.

– როგორ ფიქრობთ, აქაც გექნებათ თავისუფლების ისეთი ხარისხი, როგორიც „ობიექტივში“ გქონდათ?

– უნდა მქონდეს. სხვა შემთხვევაში ან დახურავენ გადაცემას, ან მე თვითონ წამოვალ. კომუნისტურ ცენზურას ვეურჩებოდი, გამსახურდიას პერიოდის „დემოკრატიული“ ცენზურისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაპატიმრებული ვიყავი, შევარდნაძის დროს გადაცემა დამიხურეს, სააკაშვილის დროს საერთოდ ყველა ტელევიზიაში აკრძალული ვიყავი (სწორედ მაგ პერიოდში შემიფარა „ობიექტივმა“). ახლა კი, ის ასაკიც აღარა მაქვს უკვე, რომ თავს შეგუებისა და კონფორმიზმის ფუფუნების უფლება მივცე. დათა თუთაშხიასავით ვარ: „საითაც გული გამიწევს, იქით წავალ, თქვენო ბრწყინვალებავ!“

– მაინცდამაინც „ტვ 4“ რატომ აირჩიეთ?

– არა, მე ავირჩიე პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომელსაც „ტვ 4“-ზე საეთერო დრო აქვს. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება. საქართველოში დღეს მშვიდობის შენარჩუნება რომ ხერხდება, ამას თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური სასწაული ვუწოდოთ. მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს და, უკრაინის პარალელურად, მეორე ფრონტი გაახსნევინოს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა, ამ ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული სეპარატისტული რეგიონები და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა ამისთვის ხელსაყრელ ვითარებას ქმნის, მაგრამ საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი ძალისხმევით არამარტო მშვიდობას ვინარჩუნებთ, არამედ ეკონომიკური აღმავლობის გზასაც ვადგავართ. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, არამარტო ქვეყნის შიგნით ხერხდება მშვიდობის შენარჩუნება, საქართველო მშვიდობიანი რეგიონის ინიციატივით გამოდის და თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებს სწორედ ამ მისიით მასპინძლობს. განა ეს პოლიტიკური სასწაული არ არის? ამგვარ სამშვიდობო მისიებს დიდი და გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერები იღებენ ხოლმე საკუთარ თავზე, თუმცა, ყოველთვის მათაც არ გამოსდით ამგვარი წამოწყებების წარმატებით დაგვირგვინება. აქ კი, ხომ ხედავთ, მშვიდობა გვაქვს. ეს ყველაფერი იმ ორგანიზაციაზე საუბარს მოვაყოლე, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რომ ჰქვია. მშვიდობა უნდა იყოს დღეს ჩვენი ის ლოზუნგი, მე-19 საუკუნეში ილიამ „მამული, ენა, სარწმუნოების“ სახით რომ ჩამოაყალიბა. მე ილიას ლოზუნგის ჩანაცვლებაზე კი არ ვლაპარაკობ, იმისი თქმა მსურს, რომ მამულის, ენის და სარწმუნოების ანუ ქართული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებითაა შესაძლებელი.

– საამისო მაგალითებიც არსებობს…

– მართალი ბრძანდებით. უკრაინის მაგალითი რად ღირს, რომელსაც ვერსად გავექცევით. დასავლურმა პროვოკაციამ დედამიწის ზურგზე წარმოებულ ომებს შორის ამ ყველაზე სულელური ომის გაჩაღებით უკრაინა მიწასთან გაასწორა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მილიონების თუ არა, ასეულობით ათასების სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა და ეს უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო ნანგრევებად აქცია. სხვა რა მაგალითი სჭირდება საქართველოს იმაში გასარკვევად, თუ რას ნიშნავს დღეს ომი და რას ნიშნავს მშვიდობა! ვინც საქართველოში დღეს სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ქვეყანას რუსეთთან ომისკენ მიათრევს. სხვა მიზანი ამ დანაშაულებრივ აქტს არ გააჩნია. სახელმწიფო გადატრიალება ნებისმიერ სიტუაციაში უდიდესი დანაშაულია, მაგრამ როდესაც იგი არამარტო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, არამედ ქვეყნის ომში ჩათრევის მიზნით მზადდება, ასეთ შემთხვევაში საქმე ორმაგ დანაშაულთან გვაქვს, რომელსაც, ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის პარალელურად, სახელმწიფო და ხალხი ყოფნა-არყოფნის ზღვართან მიჰყავს.

– ამ პრობლემების გაშუქებაა „სპეციალური გამოშვების“ უმთავრესი მიმართულება? 

– შეიძლება ითქვას, რომ, დიახ, ეს არის. ოღონდ, ამ საკითხს უამრავი წახნაგი და მიმართულება გააჩნია, დაწყებული საგარეო ორიენტაციით და დამთავრებული საშინაო მოწყობის პრობლემებით. საქართველომ ამ მყიფე მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ირყევა და ზანზარებს, საკუთარ, უსაფრთხო ნავსაყუდარს უნდა მიაგნოს, სადაც შედარებით მშვიდი განვითარების გარანტია ექნება.

– განა NATO და ევროკავშირი არ გვაძლევდა ამის გარანტიას?

– მოძველებული შეხედულებაა. ჩვენ ახლა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინერციის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ძველი სტერეოტიპებისგან ვერ ვთავისუფლდებით. ევროკავშირი და NATO სხვის გარანტად კი არა, უკვე საკუთარი თავის გარანტადაც ვეღარ გამოდგებიან, მაგრამ ეს საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.

– დასავლეთთან ურთიერთობაზე უარი უნდა ვთქვათ?

– ძალიან რთული შეკითხვაა. ახლა მკვეთრი მოძრაობების დრო არ არის. ინერციას (როგორც ფიზიკურს, ასევე პოლიტიკურს) თავისი კანონები აქვს. ამიტომ მოვლენებს უნდა მივყვეთ, თან სერიოზული ცვლილებებისთვის ვემზადოთ. დღეს მშვიდობაა ის საყრდენი, რომელიც სიტუაციაში გარკვევისა და დროის მოგების საშუალებას მოგვცემს. რუსეთის მიმართულებით მთავარი მშვიდობის შენარჩუნება თუ არის, დასავლეთთან ურთიერთობაში ახლა მთავარი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, ვინაიდან ლოდინის ცოტაოდენი რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს. კანდიდატის შეპირებული სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს, ამიტომ დავაკვირდეთ, მიგვიღებენ ევროკავშირში თუ ძველებურად ფეხს აითრევენ, მიგვიღებენ NATOში თუ, ტრადიციულად, ღია კარებს დაგვიტოვებენ, რომელშიც არ შეგვიშვებენ? დავაკვირდეთ-მეთქი, ჩვენ ნუ გამოვიჯახუნებთ კარებს, მაგრამ რუსეთთან ომშიც ნუ შევალთ, რაც უკრაინასავით დაგვღუპავს, თანაც, წლები კი არ დასჭირდება ამას, რამდენიმე დღის ამბავი იქნება სულ. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელობის იმ საშინელ ალტერნატივას, რასაც ომი ჰქვია, ხალხი შესაბამისად ვერ აღიქვამს. ისევე, როგორც ჯანმრთელი ადამიანი არ ფიქრობს ან ცოტას ფიქრობს ავადმყოფობაზე, მშვიდობის პერიოდში ხალხი არ ფიქრობს ან ძალიან ცოტას ფიქრობს ომზე. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ პირველი ტყვია რომ გავარდება და პირველი ბომბი რომ ჩამოვარდება, ხალხი მაშინ იწყებს ფიქრს ომსა და მშვიდობაზე. მთავრობამ კი მშვიდობის დროს უნდა იფიქროს და იშრომოს ბევრი, რომ ომის უბედურება არ მოხდეს. დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელიც არა მხოლოდ ფიქრობს და შრომობს, არამედ საკუთარი სიცოცხლის რისკზეც კი მიდის მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამიტომ დიდი სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მოქმედმა უბოროტესმა ძალებმა ხელისუფლების ეს მტკიცე ნება არ შეარყიონ.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ ბოროტმა ძალებმა მიზანს ვერ მიაღწიონ?

– საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს დღევანდელი მსოფლიო, რა პროცესები მიდის, რა ძალების დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე და რა ტენდენციები ისახება. 

– რთულია! რა მოხდება ამის გარეშე?

– ამის გარეშე საზოგადოებრივ ცნობიერებაში ღმერთის და სატანის აღრევა მოხდება. ვითომ ღმერთისკენ სავალმა გზამ შესაძლებელია სატანასთან მიგვიყვანოს, ვითომ სატანასთან ბრძოლის გზამ კი ღმერთთან დაგვაპირისპიროს!

– „სპეციალური გამოშვება“ ამ საკითხებსაც მიეძღვნება?

– დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში.

ასევე იხილეთ