თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთმა, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა ოპოზიციას და უთხრა, არაფრად ვარგიხართ და არაფრის გამკეთებლები ხართო
11 დეკემბერს „ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლო კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ პოლიტიკურ სიმპათიას არცერთი პოლიტიკური პარტია არ იმსახურებს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 19%-ით, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რიცხვი 4%-ით განისაზღვრა. რამ განაპირობა ეს რიცხვები და რა შედეგებს უნდა ველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში… „რეპორტიორის“ სტუმარია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე.
– ქალბატონო თამარ, NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებით ხელისუფლება, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა, პირველი შეკითხვა რაც ჩნდება, ისაა, თუ რამდენად სანდოა თქვენთვის ეს შედეგები, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის წარსულს და რეალობასთან აბსოლუტურ ცდომილებაში მყოფ მათ მიერ გამოქვეყნებულ ძველ ციფრებს?
– თუ გასული წლების კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს შევადარებთ, ფაქტია, რომ ეს ორი შედეგი მკვეთრად აცდენილი იყო ერთმანეთისგან. ვერ გეტყვით, რატომ ხდება საქართველოში ეს, თუმცა, მე, როგორც ანალიტიკოსი და მკვლევარი, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ნეგატიურ კვლევაშიც კი, რაღაც კონკრეტული მოცემულობა იკვეთება. დღევანდელი კვლევა კი, ძალიან საყურადღებო იყო და, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ლამის სახელისუფლებო დონეზეა აყვანილი და ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ამ ორგანიზაციის პოლიტიკა ამერიკის პოლიტიკასთანაა თანხვედრაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ს დემოკრატები მართავენ. აშკარად გამოიკვეთა, რომ ამერიკის პოლიტიკა NDI-ის კვლევაში გაჟღერდა და ის შეცვლილია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართაც. დღევანდელი შედეგები მათრახი იყო ოპოზიციისთვის და ახლა საკითხავი ისაა, ეს იყო ოპოზიციისთვის ყურის აწევა თუ მათი დაქოქვის მცდელობა, რომ გააღიზიანონ ისინი, რათა წინასაარჩევნოდ უფრო ძლიერად ამუშავდნენ… შეიძლება ეს ახალი პოლიტიკური პარტიისთვის ნიადაგის მომზადებაც იყო, რადგან ჩვენ ამ კვლევაში ვნახეთ, რომ გამოკითხულთა 62%-ს არცერთი პარტია არ მოსწონს და შეიძლება სწორედ აქ შემოიყვანონ ახალი პოლიტიკური ძალა.
– ვინ შეიძლება დასავლეთმა მოიაზროს ახალ პოლიტიკური ძალაში და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ის ლიდერი, რომელზეც აშშ ფსონს დადებს?
– ამას მე ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ბევრი ემზადება ახალი ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, მაგრამ ისინი იმდენად ოდიოზური სახეები არიან, ვფიქრობ, რომ ამერიკელები ალბათ უფრო სხვა პოლიტიკურ სახეებზე მუშაობენ. ფაქტი ერთია, ამ კვლევის შედეგებს ისინი აუცილებლად გამოიყენებენ შემდეგი პოლიტიკური განცხადებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
– რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფულ მონაცემებს, მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებული პარტიის ოთხპროცენტიანი რეიტინგი რისი შედეგი შეიძლება იყოს?
– ვერ გეტყვით… IRI-ის და „გორბის“ მონაცემებით, მათ შედარებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ და არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა, რამ შეამცირა მათი რეიტინგი ასე მკვეთრად. სავარაუდოდ, ესაა მათი შიდა განხეთქილება, დაპირისპირება და ნგრევა. ფაქტია ისიც, რომ მათ ეს ოთხი პროცენტიც კი ნიკა მელიასთან ერთად ჰქონდათ, მას შემდეგ კი, რაც მელიამ პარტია დატოვა, ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო და ხმებიც ორად გაიყოფოდა. აქვე აღსანიშნავია სხვა ოპოზიციური პარტიების ჯამური დაბალი მაჩვენებელიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დასავლეთმა ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა და უთხრა, არაფრად ვარგიხართ, არაფრის გამკეთებლები ხართ და თქვენი იმედი არ გვაქვსო!
– „გორბის“ შედეგები ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ… თქვენი აზრით, რატომ ჰქონდა ხელისუფლებასთან აფილირებული ორგანიზაციის კვლევის შედეგებში „ნაცმოძრაობას“ ოცპროცენტიანი რეიტინგი მაშინ, როცა მათივე მხარდამჭერი კვლევითი ორგანიზაციის შედეგებით, მათ ქვეყნის მოსახლეობის სულ ოთხი პროცენტი უჭერს მხარს… თქვენი აზრით, საიდან მოიტანა „გორბიმ“ 20 პროცენტი და ეს ხომ არ გააღრმავებს რიგით ქართველში იმის ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელოვნურად ინარჩუნებს მთავარ ოპოზიციად „ნაცმოძრაობას“?
– ვერ გეტყვით, საიდან მოვიდა „გორბის“ შედეგებში ეს პროცენტი, ეს ალბათ თავად მათ წარმომადგენელს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებში რა შედეგიც აჩვენა ამ პარტიამ, „გორბის“ კვლევაშიც დაახლოებით ის რეიტინგი აჩვენეს. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ კვლევის მერე დაიშალა და ფაქტობრივად ორად გაიყო. კვლევის სხვა დეტალებზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით, თუ რატომ აქვს ხალხს ასეთი რადიკალური განწყობა „ნაციონალების“ მიმართ. ისინი პროცენტებით კი არ ღიზიანდებიან, არამედ იმით, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები დღემდე დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურებში, მუნიციპალიტეტებში და არ ხდება მათი გაშვება სამსახურებიდან. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს სწორია და ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არ გააკეთეს ის, რასაც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. სწორედ ამიტომ აბრალებენ „ქართულ ოცნებას“, რომ მათ აწყობთ, „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად ჰყავდეთ წარმოჩენილი, მაგრამ ეს ასე არ არის! მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში უამრავი ადამიანია დაჩაგრული და რეპრესირებული, კატეგორიულად არასწორი იქნებოდა, ეს ხელისუფლებაც ისე მოქცეულიყო, როგორც თავის დროზე წინა ხელისუფლება იქცეოდა. რაც არ უნდა რთული ამოცანა იყოს „ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის, მათ ეს უნდა გადაელახათ და გადალახეს კიდეც. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევდგეთ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუსწორდეთ პოლიტიკურ ოპონენტს, როგორც თავის დროზე „ნაციონალები“ უსწორდებოდნენ. ნებისმიერ სახელმწიფოში გარდამავალი პერიოდი ურთულესია და ის, რომ ჩვენს შემთხვევაში იგი ნაკლებად აგრესიული ყოფილიყო, ეს თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო, რადგანაც იგი არამარტო ძლიერი ადამიანი, არამედ ძლიერი პოლიტიკოსიცაა.
– ქალბატონო თამარ, რა იყო თქვენთვის ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესო დეტალი NDI-ის ბოლო კვლევაში?
– ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო კვლევების თვისებრივი მხარე და ის, რაც ამ მხარეს დავინახეთ… როდესაც ხელისუფლებას 19%-ს უწერ და იქვე ამბობ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა 54%-ს მოსწონს, ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ხელისუფლების პოტენციური ამომრჩეველია. გარდა ამისა, ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოში მკვეთრადაა გაზრდილი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სურთ.
– ოპოზიციის მხარდამჭერებშიც?
– დიახ, და სწორედ ეს იყო ყველაზე საინტერესო დეტალი, რომ თურმე იმ ოპოზიციის რიგებში, ჩვენ რომ „რუსეთუმეებს“ გვეძახის, თითქმის ნახევარი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრე ყოფილა.
– თქვენ რით ხსნით ამ უცნაურ შედეგს?
– იმით, რომ ეს ხალხი სწორად აზროვნებს და, კიდევ იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება „რუსეთუმეობას“ არ ნიშნავს არც მათ რიგებში და არც სხვაგან! როდესაც ადამიანი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრეა, ის რუსეთის მომხრე კი არ არის, ცივი გონებით აფასებს იმას, თუ რამ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. ხომ ყველა ხედავს, რა შედეგი გამოიწვია თანამედროვე დასავლეთის მცდარმა პოლიტიკამ უკრაინაში. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შეიძლება გუშინ რუსეთის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და მასთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტასაც მოითხოვდა, მაგრამ დღეს ამ ადამიანებმა ის რეალობა დაინახეს, რომ ამ ერთ ქვეყანას, ჩვენ კი არა, მთელი დასავლეთი ვერ მოერია. ისინი მიხვდნენ, რომ ქვეყანა, რომელმაც კოლექტიური დასავლეთსა და ნატო-ს გაუძლო და, რომელმაც თითქმის სრულად შთანთქა უკრაინა, საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რას უზამდა საქართველოს.
– გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალ პროცენტზეც ვისაუბროთ… ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ამომრჩევლების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს მომდევნო არჩევნებში და, პოტენციურად, ვისი ამომრჩეველი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ნაწილი?
– რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საქართველოში როდესაც ოპოზიციურადაა განწყობილი ადამიანი, ის უფრო ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას, ვიდრე ის, ვინც მხარს ხელისუფლებას უჭერს… თუ ვინმეს ოპოზიციური განწყობა აქვს, ის აუცილებლად ხმამაღლა ამბობს ამის შესახებ, ანუ, ამ მაღალ პროცენტში დარჩენილია საზოგადოების ის ნაწილი, რომელთა სიმპათიაც ხელისუფლებისკენ იხრება და თუკი გადამწყვეტი ეტაპი დადგება, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი (ისე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილის არჩევისას მოხდა) მაინც ხელისუფლებას დაუჭერს მხარს.
– ამ ინტერვიუს ოპოზიციის წარმომადგენლები რომ წაიკითხავენ, აუცილებლად შეგეკამათებიან და გეტყვიან, რომ სწორედ ოპოზიცის მხარდამჭერმა შეიძლება მეტად დამალოს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიის შესახებ, თუნდაც შიშის ფაქტორის გამოო…
– ეს გამორიცხულია და, აგიხსნით რატომ… დღეს საქართველოში ის ვითარება არაა, ადამიანს თავისი აზრის ხმამაღლა გამოხატვის რომ ეშინოდეს. საჯარო სამსახურები ოპოზიციის მხარდამჭერებით და „ნაცმოძრაობის“ წევრებითაა სავსე, თუმცა, მათ სამსახურები ამის გამო არც აქამდე დაუკარგავთ და არც მომავალში დაკარგავენ! ეს ასეც უნდა იყოს, დამიჯერეთ… არ შეიძლება ადამიანი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამო სამსახურიდან გაუშვა, ეს სააკაშვილის რეჟიმის მახასიათებელი ნიშანი იყო და სწორედ ამას დაუპირისპირდა თავის დროზე „ქართული ოცნება“ და პირადად მეც. სწორედ ესაა ამ ხელისუფლების უზარმაზარი მონაპოვარი და, მერწმუნეთ, ეს ის მონაპოვარია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან უნდა გაუფრთხილდეს!