left_sabechdi

ჩავი: ეს ჩემი ცხოვრების კლუბია, გაუმარჯოს ბარსას!

ჩავიმ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მისი ოფიციალურად დათხოვნის შემდეგ ესპანური კლუბის ქომაგებს საგანგებო განცხადებით მიმართა.

“ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ბარსელონას სკამზე ყოფნა კვირას დასრულდება. როდესაც შენი ცხოვრების მთავარ კლუბს ემშვიდობები, ეს ძალიან რთულია, თუმცა მე ამას 2.5-წლიანი პერიოდის შემდეგ ამაყად ვაკეთებ. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემდამი ისეთივე სიყვარულს იჩენდნენ, როგორც მოთამაშის კარიერის დროს.

საკვირაო მატჩის მერე ერთ-ერთ რიგით ქომაგად ვიქცევი ტრიბუნებზე, იქნება ეს ოლიმპიური სტადიონი თუ ახალი კამპ ნოუ, რადგანაც ფეხბურთელობა და მწვრთნელობა რომ გვერდზე გადავდოთ, მე პირველ რიგში ბარსელონას ქომაგი ვარ და ყოველთვის მის გვერდში ვიქნები.

მე ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ბრწყინვალე ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი და მათი მადლობელი ვარ. ჩვენ დასახულ მიზნებს მივაღწიეთ, ყველაფრის კულმინაცია კი ესპანეთის ჩემპიონატსა და სუპერთასზე გამარჯვებები იყო. ეს სეზონი ისე არ წარიმართა, როგორც გვსურდა, თუმცა, ძალები მოვიკრიბეთ და ლა მასიადან ახალი დიდებული თაობის დახმარებაც მივიღეთ. სწორედ ისინი აძლევენ განახლებულ ენერგიას ბარსელონას ქომაგებსაც.

მადლობას ვუხდი ყველას: ფანებს, მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის თანამშრომლებს, დირექტორთა საბჭოს, სპორტულ დირექტორებს, პრესასა და ყველა დანარჩენს, ვისთან ერთადაც ამ გზას წლების განმავლობაში ვადექი. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ კლუბს, რომელიც ჩემს გულშია. გაუმარჯოს ბარსას!”.

ჩავი ბარსელონაში 2021 წლის 6 ნოემბრიდან მუშაობდა. ამ პერიოდში კატალონიურმა გრანდმა 141 მატჩიდან 88 მოიგო, 24-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 29-ჯერ დამარცხდა. 44 წლის სპეციალისტი ბარსას ბოლოჯერ სევილიასთან შეხვედრაში (26 მაისს) უხელმძღვანელებს.

 

ასევე იხილეთ