ირაკლი კირცხალია გიორგი მსხილაძეს: ამხელა სიცრუე, ამხელა ტყუილი, ამხელა უტიფრობა, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, როგორ შეგიძლიათ
„ზოგადად, ვეტოს ცნებიდან გავედით გუშინაც, დღესაც, სესიაზეც, საკომიტეტო მოსმენაზეც. სრულიად პროფესიულ კითხვებზე იყო მოკლე, უტიფარი, უშინაარსო პასუხები არა მხოლოდ დეპუტატების მიმართ, არამედ საზოგადოების მიმართ. ამას ყველაფერს კარგად შეაფასებს საზოგადოება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.
მისივე შეფასებით, პოპულისტური განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეხება სანქცირებულ ფულს და „შავი ფულის გათეთრებას“.
„პირველი კურსის ნებისმიერ სტუდენტსაც კი გაეცინება, როდესაც ამხელა ინსტიტუციის წარმომადგენელი გამოდიხართ და ამას საუბრობთ. კითხვა დაისვა მარტივად. როგორ შეიძლება, რომ სანქცირებული აქტივები, 21-ე საუკუნეში, ჩვენ საგადასახადო სისტემაში და ჩვენს საბანკო სისტემაში საქართველოში შემოვიდეს? ამხელა სიცრუე, ამხელა ტყუილი, ამხელა უტიფრობა, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა როგორ შეგიძლიათ?!”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიები, რომლებიც ოფშორში არიან დარეგისტრირებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საქართველოს საგადასახადო სისტემაში მოექცევიან.
“კომპანიები, რომლებიც არიან ოფშორში დარეგისტრირებული – ეს იქნება ამერიკული თუ ევროპული, ეს კომპანიები მოექცნენ ჩვენს საგადასახადო სისტემაში. თუ დღეს არის გაუმჭვირვალე ვინ არის დამფუძნებელი და მთელი ბრუნვები ხდება ოფშორში, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში არ აისახება – ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ეს ყველაფერი მოექცევა ჩვენს საგადასახადო სისტემაში. რა არის ამაში ცუდი? რა მინუსს აძლევს ეს ეკონომიკას? ვეკითხები ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც დღეს არ სხედან პარლამენტის დარბაზში, რადგან არ აინტერესებთ ეს და მუდმივად პოპულიზმით არიან დაკავებულები. მათ აღიზიანებთ ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ჩვენ ეკონომიკას გააუმჯობესებს. ისინი ცუდად ხდებიან, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ხედავენ უმაღლეს დონეზე. ისინი ცუდად ხდებიან, როდესაც რეზერვები არის მაქსიმალურ დონეზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, რეზერვების ცნება არის ის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკა მზად იყოს ყველანაირი რყევისთვის.
„შეხედეთ რა ხდება ევროპის შუაგულში, შეხედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ამ დროს რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება რომ ფინანსურად სტაბილური იყოს – ეს არის ცუდი? ეროვნული ბანკი რომ ოქროს ყიდულობს მსოფლიოში ასეთი რყევების დროს, ეს არის თურმე ცუდი? ეს არის სიბეცე და დიდი უტიფრობა! საზოგადოებას მიმართავ, რომ ამ უტიფრების პოპულისტურ გამონათქვამებს არ უნდა ავყვეთ არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით,„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გუშინ ვეტო დაიძლია და ასევე მოხდება საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
„გუშინდელი ვეტო დაიძლია და მოხდა ისტორიული მოვლენა ქვეყანაში. ყველამ ერთად მივიღეთ ეროვნული კანონი ზედმეტი ჩარევების გარეშე, რომლისთვისაც ისტორია გვეტყვის მადლობას. დღესაც დაიძლევა ეს ვეტო, იმიტომ რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვენი მთავრობის ინიციატივით და უმრავლესობით იქნება განხორციელებული – იქნება საქვეყნო. ამ ვეტოს დაძლევაც არის საქვეყნო და ემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.