leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტმა გურიის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 78  ხმით, „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

საკითხი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები.

კანონპროექტის მიღებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია – გურიის ეროვნული პარკი დაარსდება. შესაბამისად, კანონის პროექტით დგინდება გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები.

კანონპროექტით  წესრიგდება გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ობიექტების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

პროექტით აგრეთვე წესრიგდება გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ  გურიის გეგმარებითი ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის განახლებული გეგმის (ECP 2020) ბიომრავალფეროვნებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე არეალების (Key Biodiversity Areas / KBAs) ნუსხაში, დასახელებით „ბახმარო“.

ასევე იხილეთ