პაატა ნაცვლიშვილი: ფეხბურთი მეც სპორტის ყველა სხვა სახეობაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ლეგენდები ლეგენდები არიან სპორტის ნებისმიერ სახეობაში
მე კვლავაც წიგნზე ვზივარ
დღეს, რა თქმა უნდა, წიგნის ფესტივალზე ვიყავი. საერთაშორისო ფესტივალზე. გუშინ გაიხსნა. გუშინ სად იყავიო, – ძველმა გამომცემლებმა მომისაკლისეს. წიგნის დანახვას ვეღარ ვიტან-მეთქი, – მწარედ ვიხუმრე.
რომ არ მეგონა, იმდენი ხალხი დამხვდა „ექსპო ჯორჯიაში“. ჯენზის თაობის გოგო-ბიჭების სიმრავლემ სამომავლო იმედებით ამავსო. თითო და ორ-ორი წიგნი არა, მეტი მიჰქონდათ. ჩემი სტუდენტებიც ვნახე და ამან განსაკუთრებით გამახარა.
არ ვიცი, ეს მერამდენე წიგნის ფესტივალია თბილისში, ის კი ვიცი, რომ ყველას მონაწილე ვარ – დღეს უკვე როგორც მუდმივი სტუმარი, თავიდან კი როგორც ამ ფესტივალების ერთ-ერთი მასპინძელი და მონაწილე. ამ 30 წლის წინათ ფესტივალი საერთაშორისო არ იყოს და ფილარმონიის ფოიეში იმართებოდა, სურათების გალერეაში გამართულა. მაშინ საქართველოში სულ რამდენიმე კერძო გამომცემლობა იყო. მათ შორის – ერთ-ერთი პირველი „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, რომელიც 1993 წელს დავაფუძნე.
სახელი ჩემს გამომცემლობას ფლამარიონისა და საბაშნიკოვის ანალოგიით დავარქვი. გვარს, რა თქმა უნდა არა, სახელობითობას ვგულისხმობ. „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“ სულ-სულ პირველი სახელობითი გამომცემლობა იყო საქართველოში. მერე და მერე წამოვიდნენ: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, „ამონაშვილის საგამომცემლო სახლი“, „ზვიად კორძაძის გამომცემლობა“, „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა“… ბაკურ სულაკაური ამათგან პირველი იყო, თქვა კიდევაც ერთ-ერთ ინტერვიუში, პაატა ნაცვლიშვილის მიბაძვით დავარქვი ეს სახელიო. ბაკურმა იმთავითვე დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ დღეს ქართული საგამომცემლო საქმე ბევრ ჩვენზე დიდ ქვეყანას შეშურდება. სწორედ ბაკურთან ერთად დავწერე მაშინ საკმაოდ ხმაურიანი საგაზეთო წერილი, „როგორ დავეწიოთ კოლუმბიას ანუ რა მანძილია უწიგნობიდან უწიგნურობამდე“, რომელიც „დილის გაზეთში“ დაიბეჭდა 1998 წლის 10 აპრილს.
ორიოდე ფრაგმენტი მინდა გავიხსენო იმ პუბლიკაციიდან:
„დასამალი არ არის და ვეღარც ვეღარავინ მალავს. დღეს საქართველო უწიგნოთა ქვეყანაა. ორ-სამწლიან საგამომცემლო ბუმს ჩვენში ამ საქმის ღრმა და ხანგრძლივი კრიზისი მოჰყვა. დღესდღეობით, საყოველთაოდ და ამაყად დეკლარირებული სტაბილიზაციის პირობებში, ეს კრიზისიც სტაბილიზებულია და თუ დროზე არ ვიღონეთ რამე, ერთ დროს ყველაზე წიგნიერი ერი ყველაზე უწიგნურ ერად იქცევა მსოფლიოში… არაერთხელ ითქვა და დაიწერა: ქართული წიგნის საქმე დაღუპვის პირასაა მისული. ქართველ მკითხველს მხოლოდ პირობითადღა ჰქვია მკითხველი, მშობლებს შვილებისათვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენაც კი ვერ მოუხერხებიათ. წლების განმავლობაში საქართველოს ბიბლიოთეკებში არ შესულა ახალი გამოცემები, წიგნის მაღაზიები კი თავს არყისა და საღეჭი რეზინის გაყიდვით ირჩენენ.“
და რა შუაშია კოლუმბია?
აი, ისევ ფრაგმენტი იმ წერილიდან:
„კოლუმბიას როგორ ქვეყანას, რამდენიმე საერთაშორისო ფუნქცია აქვს: ბრაზილიის შემდეგ მას მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში ყავის წარმოებით და მეექვსე – ბანანის ექსპორტით. გარდა ამისა, კოლუმბია პირველია ზურმუხტის ამოღებით და მესამე – პლატინის მოპოვებით. ამასთან, კოლუმბია ცნობილია, როგორც ნარკობიზნესის მსოფლიო ცენტრი და ლიდერი. ასეთი ოფიციალური თუ იატაკქვეშა ფუნქციების მქონე ქვეყანას, ბუნებრივია, დიდად აღარ სჭირდება სხვა დარგებში ლიდერობა, მით უმეტეს ისეთ სფეროში, როგორიც წიგნის გამოცემაა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კოლუმბია, როგორც ესპანურენოვანი ქვეყანა, იოლას გავა ესპანეთში, არგენტინაში, მექსიკაში, ჩილეში, ვენესუელაში, პერუში თუ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში გამოცემული ლიტერატურითაც, მაგრამ – და ეს ალბათ მოულოდნელი იქნება ბევრისათვის, – კოლუმბია, ვთქვათ, ზიმბაბვესთან ან იმავე რუსეთთან ერთად მსოფლიო საგამომცემლო ბიზნესის ნამდვილი სამოთხეა!.. ქვეყანაში, სადაც წიგნიერი მოსახლეობა ნაკლებია, ვიდრე საქართველოში, ყოველწლიურად 1800-მდე დასახელების წიგნი გამოდის, ოთხჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში… თავისთავად იბადება აქტუალური დასკვნა: კოლუმბიას ნარკობიზნესში კი არა, საგამომცემლო ბიზნესში უნდა გავეჯიბროთ“…
ნარკობიზნესისა და საგამომცემლო ბიზნესის ერთგვარ გაგრძელებად ჩანს ჩემი სხვა პუბლიკაციის სათაური, რომელიც გაზეთ „ბიბლიოთეკაში“ დაიბეჭდა 2003 წლის ივნისში, მაშინ გამართულ თბილისის წიგნის მე-5 ფესტივალს ეძღვნებოდა და ძალიან ნარკომანული სახელი ჰქონდა: „მე წიგნზე ვზივარ“.
ამ მეორე პუბლიკაციას ხვალ გავიხსენებ თავისი სომხეთით, მანონ მინაშვილითა და ციგნური სლოგანითა, ახლა კი იმ დროს დავუბრუნდები, როცა ქართული საგამომცემლო საქმე სულს ღაფავდა.
მე არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ახლა კოლუმბიის საგამომცემლო საქმე, არ მიძებნია ახალი ციფრები, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში არათუ თითქმის ყველაფერია თარგმნილი დიდი კოლუმბიელის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან, არამედ მისი წიგნები მეორე და მესამე და მეოთხე გამოცემებისაც უძლებენ. და ეს მხოლოდ მარკესს როდი ეხება. საგამომცემლო საქმე საქართველოში ისე სწრაფად წავიდა წინ, რომ კარგი იქნება თუ სხვა დარგებს მისი წყალი გადაესხმებათ. განსხვავებით კოლუმბიისაგან ეს ჩვენში სახელმწიფოს პროტექციის შედეგი არ ყოფილა, სახელმწიფოსაგან გამომცემლებს დიდი არაფერი დახმარება არ მიგვიღია, პირიქით, კი – ხელის შეშლა ბევრი ყოფილა. თუ ჩვენში ეს საქმე ასე აყვავდა, უცხოური ფონდებისა და მცირერიცხოვან ენთუზიასტთა თუ მათ გარშემო შემოკრებილ თანამოაზრეთა დამსახურებაა. მიხარია, რომ იმ პირველ გამომცემელთა შორის საწყის ეტაპზე მეც ვიყავი და ჩემი ერთადერთი თანამოაზრე ჩემი კომპიუტერი იყო. მერე და მერე, რაკი დავინახე, რომ საგამომცემლო ბიზნესი უჩემოდაც დევის ნაბიჯებით მიდიოდა წინ, ნელ-ნელა ჩამოვშორდი ამ საქმეს, და დღეს მხოლოდ ხანდახან თუ გამოვცემ ხოლმე ჩემსავე წიგნებს. ახლაც „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“ ისევ მე და ჩემი კომპიუტერი ვართ, მეტი არაფერი. თუმცა კომპიუტერი უკვე სხვაა.
მაშინ კი, როცა კოლუმბიის საგამომცემლო საქმე გაბრიელ გარსიასავით მიუწვდომელ სიმაღლედ გვეჩვენებოდა, ბაკურ სულაკაური იმ პირველ ენთუზიასტთა მიერ შექმნილი „დიოგენეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ჯერ არ ვიცნობდი და ერთ მშვენიერ დღეს გამომცემლობა „დიოგენესგან“ წერილი მივიღე – მუშაობას იწყებდნენ პროექტზე „ვინ ვინაა საქართველოში“ და პირველი წიგნისთვის 500 ადამიანს კითხვარი გაუგზავნეს. მეც აღმოვჩნდი იმ ხუთასში და იმ პროექტის ყველა გამოცემაშიც მოვხვდი.
მერე და მერე ბაკურ სულაკაურს სხვებიც ამოუდგნენ მხარში – „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „პალიტრა L“, „აზრი“, „ბაკმი“, „სიესტა“… ისინი „დიოგენესთან“ და „სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად დღევანდელი ქართული საგამომცემლო საქმის მეთაურები არიან. ბაკური კი შეეშვა საგამომცემლო საქმეს, მაგრამ „სულაკაურის“ სახელი კი დატოვა. ხოლო ის „დიოგენე“ – ახალი ქართული საგამომცემლო საქმის პიონერი – კვლავაც ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერი და მას კვლავაც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი Tamar ლებანიძე ხელმძღვანელობს, რომელიც დღეს ამავე დროს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ბორდის თავმჯდომარეა.
რაც მაშინ, როცა კოლუმბიას ვეტოლებოდით, საქართველოში წიგნი გამოდიოდა წელიწადში, ყველას ვყიდულობდი და მათი რაოდენობა სამი-ოთხი თაროსაც ვერ ავსებდა. ბოლო ფესტივალების განმავლობაში კი, რაც ძალიან მჭირდება ან რაც ძალიან მომწონს, იმის მეათედსაც ვეღარ ვყიდულობ და მაინც შინ მიტანილს მთელ სტელაჟიც აღარ ჰყოფნის.
ამჯერად რა და როგორ მოვიტანე სახლში ხვალ გიამბობთ, იმას კი ახლავე გეტყვით, რომ ფესტივალზე ორი ჩემი წიგნიც იყიდება: „ამოცანები და გამოცანები გიორგი ნიკოლაძისა“ და „სიკვდილი და სიცოცხლე ვიქტორ სანეევისა“. სულ რამდენიმე დღეა, ისინი სტამბიდან გამოვიდა და ჯერ საავტორო ეგზემპლარებიც არ მიმიღია. ეს წიგნები ნაწილია „არტანუჯის“ ახალი საგამომცემლო პროექტისა „ლეგენდები“, რომლის ავტორია Buba კუდავა. „ლეგენდებში“ აქ „სპორტის ლეგენდები“ იგულისხმება. პირველ სერიაში ცხრა წიგნია გამოსული ცხრა ლეგენდარულ სპორტსმენზე: დავით ყიფიანი, ლიონელ მესი, ვიქტორ სანეევი, ჯანლუიჯი ბუფონი, გიორგი ნიკოლაძე, პეპ გვარდიოლა, ალესანდრო დელ პიერო, ოთარ ქორქია, რონალდო.
ვიკითხე, როგორ იყიდება-მეთქი და არც სხვაზე უკეთ და არც სხვაზე უარესადო. ჯერ არ გაუგიათ ამ ახალი სერიის არსებობა და იმიტომ-მეთქი. წიგნის მოყვარულებმა იციან – სერიას სხვა ფასი აქვს. და შეიძლება გიორგი ნიკოლაძე, ვიქტორ სანეევი ან ოთარ ქორქია რომელიმე მკითხველს ლიონელ მესიზე ან დავით ყიფიანზე ნაკლებად უყვარდეს და იცოდეს, მაგრამ სერია – სერიაა! ფეხბურთი მეც სპორტის ყველა სხვა სახეობაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ლეგენდები ლეგენდები არიან სპორტის ნებისმიერ სახეობაში. ამ ფოტოზე ცხრავე წიგნი არ დაეტია.
დანარჩენი ხვალ.