პაატა ნაცვლიშვილი: განა ნორმალური არ იქნება, რომ ჯენზის თაობის ამ ერთმა ჩვეულებრივმა წარმომადგენელმა, რომელიც ვინ იცის მთელი თვე ევროპა-ევროპას გაიძახის საქართველოს პარლამენტის წინ თუ სხვა ლოკაციებზე, ამ ყველაფრის მერე რაღაც ძალიან-ძალიან ევროპული იფიქროს შენზე?
მე ისევ წიგნზე ვზივარ ანუ, სად მიდიან სელინჯერის იხვები
დანარჩენს ხვალ გიამბობთ-მეთქი, – წუხელის შეგპირდით.
ჰოდა, ღამის სამ საათზე გუშინდელი ტექსტი რომ დავპოსტე, ჩავიწვინე ფესტივალზე ნაყიდი ერთი მომცრო წიგნი და კითხვას შევუდექი. თუმცა ნაყიდი კი არა, ნაჩუქარი. „დიოგენეს“ გოგომ, რომელიც გამომცემლობის საჩუქრებს პარკებში მილაგებდა, იმდენ წიგნებში მაინცდამაინც ეს წიგნი გამოარჩია, ამით დაიწყეთო. „დიოგენეს“ გოგოს, თუ სწორად გავიგე, როგორ მოუხმო მისმა მეგობარმა, მგონი, მაშო ერქვა.
მოთხრობას კი „აღარ ვივარგებ ადამიანად“ ჰქვია. იაპონელი მწერლის ოსამუ დაძაის მოთხრობაა, თამთა ბოკერიას დარგმნილი იაპონურიდან. სირცხვილი ჩემი – ამ წიგნით პირველად გავიგე ოსამუ დაძაის გვარი. მოთხრობა ძალზე საინტერესოა, მაგრამ მას ძალიან ეტყობა ჯერომ სელინჯერის კვალი თავისი იმ ცნობილი ცნობილი თამაშით, ჭვავის ყანაში თამაშით. არც არის საკვირველი, რომ მწერალს სელინჯერის კვალი ეტყობოდეს. ბევრს ეტყობა – კანადიდან იაპონიამდე. მაგრამ გუგლს რომ ჩავუჯექი, აღმოჩნდა, რომ როცა სელინჯერმა „თამაში ჭვავის ყანაში“ დაწერა, ოსამუ დაძაო უკვე სამი წლის მკვდარი იყო! ნეტა ვინმემ ხომ არ შენიშნა ეს ამბავი ჩემამდე? იქნებ ვინმემ უთხრა კიდევაც სელინჯერს, შენი კოლფილდი დაძაის იოძოს ჰგავსო? იქნებ ამის გამოც იყო, რომ სელინჯერი ამ რომანის შინ ჩაიკეტა და მერე აღარც არაფერი დაუწერია? ამასობაში ისიც მახსენდება, რომ სელინჯერი ძენ-ბუდიზმით იყო დაინტერესებული. ნეტა იყო თუ არა დაძაის მოთხრობა მაშინ თარგმნილი ინგლისურად? თუ ძენ-ბუდიზმის დაინტერესებულმა სელინჯერმა იცოდა იაპონური? თავი იმტვრიონ კომპარატივისტებმა. მე კი სელინჯერის სიყვარულს ვერ მომაშლევინებენ. ისევ ისე მგონია, რომ მისმა რომანმა მთელი ჩემი თაობის – ბებიბუმერთა თაობის და მომდევნო თაობების სულ მცირე ლიტერატურული გემოვნება ჩამოაყალიბა. და თუ იგი ოსამუ დაძაის მოთხრობას იცნობდა, იმას ნიშნავს, რომ იაპონელი მწერლის ეს მოთხრობა თუნდაც მხოლოდ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სელინჯერს „თამაში ჭვავის ყანაში“ დააწერინა. იქნებ ნიუ-იორკის სენტრალ-პარკის იხვები იაპონიისკენ მიდიან?
დიდი მადლობა, მაშო, რომ გუშინ საღამოს მირჩიე, ამ წიგნით დაიწყეო. ვინ იცის, იქნებ ამის გამოც მირჩიე? „დიოგენეს“ სტაფი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხი სტაფია ქართულ გამომცემლობებში, თუნდაც მხოლოდ წიგნების ჩალაგება ევალებოდეს ჩანთაში!
მაშო არა, წიგნის ერთ-ერთ გმირს იოშიკო ჰქვია. ხოლო მოთხრობის მთავარ გმირი ერთი ტაკიმასხარა კარიკატურისტია, რომლის პირითაც გვიამბობს ავტორი მისსავე ისტორიას.
„კარგად ვერაა შენი საქმე. იცოდე უკვე წამალზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ ეტყობა ვერ ხვდები!.. მან უსიტყვოდ გამომიწოდა ერთი მთლიანი კოლოფი. თანდათანობის გავაცნობიერე, რომ ეს წამალიც ისეთივე საზიზღრობა იყო, როგორიც არაყი. არა! ბევრად უფრო უარესი იყო, ოღონდ იმ დროისათვის უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი გახლდით… გასვლის წინ იოშიკო მომიახლოვდა და ბოხჩაში გამოკრული გამოსაცვლელი ტანსაცმელი გამომიწოდა. შემდეგ კიმონოს სარტყელში შენახული რაღაც ახალი ამოიღო, რაც შპრიცი და მორჩენილი წამალი აღმოჩნდა. ის მართლა ფიქრობდა, რომ ამ ინიექციებს ძალების აღსადგენად ვიკეთებდი“…
არადა, რა იხვი, რის იხვი, – დღეს სულ სხვანაირად ვაპირებდი ტექსტის დაწყებას. თუმცა ეს წუხანდელი წიგნი ზუსტად დააჯდა ჩემს ფიქრებს, როცა გუშინ წიგნის ფესტივალზე მიმავალი იმაზე ვფიქრობდი, როგორ ჩამოვიდე წიგნიდან, რომელზეც ამდენი ხანია ვზივარ. ნარკომანიაზე ვერაფერს ვიტყვი, ის კი კარგად მახსოვს, როგორც დავანებე თავი სიგარეტს ამ ოცი წლის წინათ. არ გაჭრა იმ მეთოდმა, რომ დღეს ათ ღერს მოვწევ, ხვალ – ცხრას, ზეგ – რვას, მაზეგ – შვიდს და ათ დღეში სიგარეტსაც გადავაგდებო. ბევრჯერ ვცადე ეს მეთოდი, მაგრამ ერთ და ორ ღერზე რომ ჩამოვიდოდი, შემდეგ საღამოს ორი აღარ მყოფნიდა და მესამე კოლოფს ვხსნიდი. მერე ჩემს თავზე მეცინებოდა – რა უნდა სიგარეტის გადაგდებას, ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს გადაგდებული-მეთქი!
ჰოდა, ასეა ახლა ეს წიგნებიც. მივდივარ წიგნების ფესტივალზე ვეება ცარიელი ჩანთითა და მთელი ორი თვით დანაზოგით სავსე საფულით და იმაზე ვფიქრობ, რამდენჯერ გადავწყვიტე კმარა! – წიგნს აღარ ვიყიდი, ნეტა ის წიგნები წამაკითხა და მომახმარა, რაც აქამდე მიყიდია-მეთქი. მაგრამ მერე – „ეს რა კარგი გამოცემაა, უეჭველად უნდა მქონდეს“, ან „ეს ავტორი არ ვიცი, აუცილებლად უნდა წავიკითხო“ – იმ თითო ღერი სიგარეტის მსგავსად ვერა და ვერ ავდექი წიგნიდან. წიგნის ფესტივალზე იმდენი წიგნი მიყიდია და უცხოეთიდან იმდენი წიგნი მითრევია, სიგარეტის ის მესამე კოლოფი მონაგონია!
წიგნი კარგი საჩუქარიაო, კი ამბობენ, მაგრამ უკვე აღარ არის ასე. მეჩვენება, რომ წიგნს როცა ვჩუქნი ვინმეს, ვინც ამ წიგნის ღირსად ჩავთვალე, ფიქრობს, რომ ამ საჩუქრით იოლას გამოვედი, თუნდაც ეს იშვიათი წიგნი იყოს, რომელიც თავის დროზე ძლივს ვიშოვე და ძლივს ველევი.
და აი, ახლაც მივდივარ წიგნის ფესტივალზე და იმაზე ვფიქრობ, დიდ-დიდი ერთი-ორი წიგნი ვიყიდო, დღესვე რომ ძალიან მჭირდება, ისეთი. ხოლო პარიზის ოლიმპიადიდან ჩამოსულმა საერთოდ უარი უნდა ვთქვა წიგნების ყიდვაზე, როგორც 20 წლის წინათ სიგარეტზე. თუ ვინმე მაჩუქებს, – მაშინ ჰო! ხოლო ჩუქებას რაც შეეხება…
მივდივარ წიგნის ფესტივალზე და სახლში რომ დავბრუნდები, ის გაზეთი უნდა მოვძებნო ჩემი 21 წლის წინანდელი ტექსტით, რომელიც მაშინდელია, როცა ამაოდ ვცდილობდი სიგარეტის გადაგდებას და რომელსაც – ვიმეორებ ასეთი სათაურის აქვს: „მე წიგნზე ვზივარ!“
მოვედი თუ არა შინ, მართლა მოვძებნე ეს გაზეთი და ოსამუ დაძაის ის წიგნი რომ არა, სწორედ მისი ციტირებით ვაპირებდი ამ ტექსტის დაწყებას:
„დიახ, ვზივარ. წიგნზე ვზივარ. წიგნის ჭია ვარ და ვზივარ კიდევაც.
როგორც ყველა თბილისელი წიგნის ჭია და წიგნზე შემჯდარი, 11-დან 14 ივნისამდე, დილიდან საღამომდე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ვიყავი, სადაც თბილისის წიგნის მე-5 ფესტივალი გაიმართა. ამავე დროს მე ამ ფესტივალის მონაწილეც გახლდით, როგორც გამომცემელი, და საკუთარი სტენდიც მქონდა, გინა – დახლი. სტენდს ჩემი გამომცემლობის სარეკლამო პლაკატი ამშვენებდა ჩემივე სლოგანით:
დაგიბრიყვებენ ციგნები,
თუ არ იკითხე წიგნები.
ამგვარ ორსტრიქონიან ლექსებს მე დუპლექსები დავარქვი. ჩემი სარეკლამო დუპლექსები ბევრს კოტესი ეგონა, ყუბანეიშვილის. …კოტეს წიგნი „დარჩინორჩი“ მისმა გამომცემელმა ლევან თითმერიამ მაჩუქა სხვა ახალ წიგნებთან ერთად, – შენ გეკუთვნისო! იცის, რომ წიგნზე ვზივარ. ზაზა ბერიშვილმაც მაჩუქა მისი გამომცემლობის – „სანის“ მიერ გამოცემული წიგნის თითო ეგზემპლარი. ჟურნალ „დილის“ მთავარმა რედაქტორმა დოდო წივწივაძემ „დილის“ საყმაწვილო ენციკლოპედიები“ მითავაზა. ყველაზე წარმატებული ქართველი გამომცემელი ბაკურ სულაკაური ყოველ წელიწადს მჩუქნის თავის წიგნებს და რაღა წელს დაარღვევდა ამ კარგ ტრადიციას? თანაც მეუბნება, ერთადერთი ხარ, ვისაც წიგნებს ვჩუქნი და არავის უთხრა. აბა, ვის რა უნდა ვუთხრა?! ლაშა ბერაიამ, ლევან ბაბუხადიამ და მამუკა ხანთაძემაც მაჩუქეს წიგნები. იციან, რომ წიგნზე ვზივარ. წიგნის ჩუქება დღეს ფუფუნებაა. დიდი მადლობა, ვინც მაჩუქა, მაგრამ ყველა ხომ ვერ მაჩუქებდა! მეც ავდექი და დანარჩენი ვიყიდე“…
ჰოდა, ახლა მახსენდება ეს ტექსტი და წიგნის მორიგ ფესტივალზე მიმავალი, იმაზე ვფიქრობ, ნეტა რამდენ წიგნს ვიყიდი ამჯერად. ნეტა რამდენ ღერს სიგარეტზე ჩამოვალ ამჯერად. ან ჩამოვალ კი?
ვფიქრობ ამ ყველაფერს და უცებ!..
კოკა-კოლას ოფისის წინ სკამია, სკამზე სათვალიანი ყმაწვილი ზის, ჯენზის თაობის წარმომადგენელი და… წიგნს კითხულობს. სოლიდურ წიგნს.
შევნიშნე, მომეწონა და ჩავუარე. მინახავს, როგორ არ მინახავს მატარებელში თუ მეტროში თუ ავტობუსში წიგნში თავჩარგული ახალგაზრდა, არა იმდენი, რამდენიც ჩემს ახალგაზრდობაში იყო, მაგრამ მაინც. ისიც ვიცი, რომ აგერ ახლა, დღეს და ღამეს რომ ათევდნენ აქციებზე რუსთაველი იქნებოდა თუ სხვაგან, ბევრი ახალგაზრდა წიგნით იყო მოსული, ზოგი გამოცდებისთვისაც კი ემზადებოდა. მაგრამ ასე – ქუჩაში, სკამზე, ბიჭი, სოლიდური წიგნი…
და ამ ფიქრის მანძილით ვიყავი იმ სკამს მოშორებული, რომ უკან დავბრუნდი და ბოდიში, გამოცდებისთვის ემზადები-მეთქი, – ვკითხე და წიგნს შევავლე თვალი.
არაო.
რა წიგნია-მეთქი.
„ფაუსტიო“!
„ფაუსტიო“?! ენა დამება. პირველი რაც მოვიფიქრე, წამოდი, აქვე წიგნის ფესტივალია და რა წიგნიც მოგეწონება, გიყიდი-მეთქი.
არაო, ამხანაგს ველოდებიო. შინ უნდა წავიდეთო.
გვარი და სახელი ვკითხე. თავიდან ჯორჯაძეო, – მომეჩვენა. სინამდვილეში გორდაძე ყოფილა. ივანე მქვიაო, ივას მეძახიანო.
ზესტაფონის რაიონიდან ვარო. თბილისში ვსწავლობო. მე-11 კლასელი ყოფილა. მინდოდა აქ მომენიშნა, მაგრამ ვერ დავადგინე მისი პროფაილი.
„ფაუსტს“ რატომ კითხულობ-მეთქი. მომწონსო. გიორგი ჯორჯანელის თარგმანს კითხულობდა. სხვათა თარგმნილიც არსებობს-მეთქი, პეტრე მირიანაშვილისა, დავით ონიაშვილისა, დავით წერედიანისა. კონსტანტინე გამსახურდიას აქვს კარგი წერილი-მეთქი, უცბად ლექტორი გავხდი. მიყვარს, როცა სტუდენტების წიგნის სიყვარულს ამჟღავნებენ და მეც შემიძლია ისე ტოლ-სწორად ველაპარაკო, როგორც თავის დროზე საჯარო ბიბლიოთეკის წინ ვსაუბრობდით სიგარეტის მოსაწევად გამოსულები.
მაშინ არა, მერე უკვე „ექსპო ჯორჯიისაკენ“ მიმავალს გამახსენდა პეპი, ერთი ჩემი ძველი სტუდენტი. ჩვენში ახალი შემოსული იყო ბეგბედერი, ის კი შესვენებაზე „99 ფრანკს“ კითხულობდა, მაშინ როცა ზოგიერთ მის თანაკურსელს „პატარა უფლისწულიც“ არ გაეგო. მერე მეც წავიკითხე ბეგბედერი და კარგა ხანს ვილაპარაკეთ მასზე. გათხოვილი იყო, შვილიც ჰყავდა, მაგრამ ლექცია არ გაუცდენია. სასწავლო ჟურნალი გავაკეთეთ და სხვაზე სწრაფად აუღო ალღო. მგონი იმ წელს პირველად გაიმართა წიგნის ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“. ერთხელ უნივერსიტეტის შესასვლელში იდგა. წამოდი, თუ გცალია, კაი ადგილას მივდივარ-მეთქი. ტაქსში კი მკითხა, სად მივდივართო და არაფერი მითქვამს, სიურპრიზი მაქვს შენთვის-მეთქი. აღარ ჩამცივებია. ჰოდა, წიგნის ფესტივალზე მივიყვანე. შევუშვი წიგნების ჯუნგლებში და 100 ლარის ფარგლებში რაც გინდა აარჩიე და გიყიდი-მეთქი, – ვუთხარი. დიდხანს ეძება და მისი არჩევანი რომ ვნახე, ნეტა მეტი ფული მქონოდა-მეთქი ვიფიქრე. წლების მერე, როცა გაიგო, რომ თბილისში ჩამოსულ ბეგბედერთან შეხვედრაზე მივდიოდი, ავტოგრაფი იქნებ ჩემთვისაც გამოართვათო. ავტოგრაფი კი გამოვართვი, მაგრამ დროულად ვერ მოვაწოდე და უკვე არც კი ვიცი, სადა მაქვს. ახლა ივამ გამახსენა პეპი თავის ბეგბედერიანად.
მადლობა ღმერთს, რომ ყოველ ნაკადში არის ერთი-ორი ასეთი სტუდენტი, ვისთვისაც ღირს მუშაობა, თუნდაც ყველა დანარჩენმა არ იცოდეს, ვინ იყო „პატარა უფლისწული“.
სად აპირებ სწავლის გაგრძელებას-მეთქი, – ივას ვკითხე. არ ვიცი ჯერ არ გადამიწყვეტიაო. ძალიან გამიხარდება თუ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გადაწყვეტ-მეთქი სწავლას.
გამომშვიდობებისას პოეზია გიყვარს თუ პროზა-მეთქი. ერთიც მიყვარს და მეორეცო. პოეზიასაც გაჩუქებ და პროზასაც-მეთქი. ტელეფონები გავცვალეთ. მე ძველებურად მგონია, რომ წიგნი ყველაზე კარგი საჩუქარია. იმედი მაქვს, რომ ივა გორდაძეც ასე ფიქრობს. თუ შეიძლება ფოტოს გადაგიღებ-მეთქი. დაჯდა და წიგნი ისევ ისე აიღო ხელში, როგორც მაშინ ეჭირა, პირველად რომ შევამჩნიე.
გამომშვიდობებისას მკითხა, რა წიგნის ფესტივალიაო. არ იცოდა. ავუხსენი და უფრო მაგრად გავწიე „ექსპო ჯორჯიისაკენ“.
ჰოდა, მივდივარ ჯერჯერობით ცარიელი ზურგჩანთითა და ჯერჯერობით სავსე საფულით წიგნის ფესტივალისკენ. აღფრთოვანებული და აღტაცებული ივას გაცნობით. ეს შეხვედრა ალბათ მთელ ფესტივალს სჯობდა-მეთქი, – გულში ვამბობ. კიდევ კარგი, ფეხით წამოვედი. უკვე იმას ვფიქრობ, რა წიგნებს ვაჩუქებ, რამდენს. თუმცა სხვადასხვა დროს უამრავი წიგნის გამიჩუქებია, მაინც მიჭირს წიგნის გასხვისება, რაგინდ ორი და სამი ეგზემპლარი მქონდეს, ძნელად ველევი. ამ მხრივ მე ზუსტად შემეფერება გრიშაშვილისეული პერანგს-მოგცემ-წიგნს-ვერა! ამის მიუხედავად, ვაპირებ რომ ჩემი ბიბლიოზეუმის ნაწილი ლიტერატურის მუზეუმს გადავცე, ნაწილი კი – მშობლიურ პირველ სკოლას, თანაც სწორედ წელს – სკოლის დამთავრების 55-ე წლისთავზე.
ივასნაირი ბიჭებისთვის წიგნი როგორ დამენანება! არიან, როგორ არ არიან ასეთები ჩვენს გარშემო. გინდა თავისუფალი ახალგაზრდები დაუძახე და გინდა ჯენზის თაობა. ვფიქრობ, დავურეკავ, შევხვდები სადმე და მივცემ ერთ დასტა წიგნებს. რამხელა დასტას და, რამდენის წაღებასაც შეძლებს…
და უცებ ელდა მეცა!.. ელდაც არის და ელდაც!!!
ზიხარ შენთვის კოკა-კოლას ოფისის მისადგომებთან. კითხულობ გიორგი ჯორჯანელის თარგმნილ „ფაუსტს“, ამხანაგს ელოდები და ამ დროს მოდის ვინმე არცთუ ახალგაზრდა შესახედაობის უცნობი ტიპი, რომლის სახელი და გვარი შენ არაფერს გეუბნება, მხარზე ცარიელი ზურგჩანთა მოუდგია და წამოდი, წიგნი უნდა გიყიდოო, გთავაზობს. უარს რომ ეუბნები, ვითომ შენით აღფრთოვანებული, ტელეფონს გთხოვს და რაკი ახლა ვერ მოდიხარ, წიგნები უნდა გაჩუქოო, გპირდება – პროზაც და პოეზიაცო – და ბოლოს ფოტოსაც გიღებს!!!
განა ნორმალური არ იქნება, რომ ჯენზის თაობის ამ ერთმა ჩვეულებრივმა წარმომადგენელმა, რომელიც ვინ იცის მთელი თვე ევროპა-ევროპას გაიძახის საქართველოს პარლამენტის წინ თუ სხვა ლოკაციებზე, ამ ყველაფრის მერე რაღაც ძალიან-ძალიან ევროპული იფიქროს შენზე?
თანაც ამასობაში ერთი მსგავსი ისტორიაც გამახსენდა. წიგნების დასტა არა ისა! იყოს წიგნები თავის ადგილას! ისედაც მიჭირს მათი შელევა! ახლა კიდევ ამას აფიქრებინე – ივაა თუ ივანე – ძალიან-ძალიან ევროპული ამბები! კიდევ კარგი არ გამომყვა ფესტივალზე!
ჰოდა, ასეთი ელდანაცემი შევედი წიგნის ფესტივალზე.
შევედი და შევედი. მერე აღარც ევროპა მახსოვდა და აღარც „ფაუსტი“. თუმცა „ფაუსტმა“ მაინც შემახსენა თავი გამომცემლობა „პეგასის“ სტენდზე. დავით ონიაშვილის თარგმანი იყო.
წიგნზე ჯდომა გაგრძელდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
ვინ იცის, ივას არაფერი ძალიან-ძალიან ევროპული თავში არ გაუვლია?! სწორედ ამიტომ ვაქვეყნებ სურათს, როგორც იმ ჩემი ელდამდელი და ეჭვამდელი აღფრთოვანების დასტურს.
კიდევ უფრო დანარჩენი ხვალ.