მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ცენტრის შექმნაზე, რათა საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობა იმავე ხარისხით, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია
„მუშაობა მიმდინარეობს ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ცენტრის შექმნის საკითხზე, საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობა იმავე ხარისხით, როგორც ეს განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოებშია”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ პროექტი განხორციელდეს.
„რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ცენტრის შექმნას, ამ იდეასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რათა არავის სჭირდებოდეს უცხოეთში სამკურნალოდ წაყვანა ბავშვის, რომელსაც შეიძლება ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდეს. ეს საკმაოდ კომპლექსური, რთული საკითხია და რამდენიმე ვერსია განიხილება.
სასურველია, არავის ემართებოდეს ეს დაავადება, მაგრამ თუ ვინმეს დაემართება, ასეთ შემთხვევაში, სასურველია, საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობა იმავე ხარისხით, როგორც ეს ხელმისაწვდომია ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოში. იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი გვაქვს ონკოლოგიაზე, მით უმეტეს ბავშვებზე, ეს ყოველმხრივ გამართლებულია. ამ კუთხით გარკვეული ინიციატივა გვექნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.