მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ, რათა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაუმარტივდეთ, დადგინდება ახალი მეთოდოლოგია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება მუშაობს კლინიკებთან, რათა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მკურნალობის პროცესი გაუმარტივდეთ და მათთვის მედიკამენტები მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს.
როგორც სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ამ თვალსაზრისით ახალი მეთოდოლოგია დადგინდება.
„მუშაობა გვაქვს დაწყებული, რათა ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაუმარტივდეთ. პერმანენტულად ვხვდებით და კომუნიკაცია გვაქვს თავად პაციენტებთან, ასევე კლინიკებთან.
არსებობს გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართვასთან დაკავშირებით, პაციენტებს უწევთ ჯერ ნებართვის აღება, შემდეგ რეცეპტის მიღება, მედიკამენტის ქსელში მოძებნა, უკან დაბრუნება საავადმყოფოში და მკურნალობის მიღება – პროცედურები საკმაოდ გართულებულია. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რათა რაც შეიძლება ეფექტიანი, მარტივად ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკურნალობის მეთოდოლოგია. ამ კუთხით გარკვეული იდეები, მოსაზრებები გვაქვს, რაც გავცვალეთ კერძო სექტორთანაც. უახლოეს მომავალში გვექნება კონკრტული ინიციატივა ამ იდეასთან დაკავშირებით. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ დადგინდება, განისაზღვრება ახალი მეთოდოლოგია, რომლის შედეგადაც, პაციენტს ნაკლები ძალისხმევა, დროის, ფინანსების ხარჯვა დასჭირდება, რომ მკურნალობა მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.