leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტამიშის ბრძოლიდან 31 წელი გავიდა

🔴დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 31-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

🔴გმირთა მოედანზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მებრძოლების პატივის მისაგებად, ასევე, იმყოფებოდნენ, სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, დავით თევზაძე და – ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ წარმომადგენლები.

🔴დღესვე, ‘’შავნაბადას’’ ბატალიონის მეომრებმა, ელიას მთაზე, ტამიშის ბრძოლის დროს, ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა და რუსული დესანტის მოგერიების დროს დაღუპულ თანამებრძოლებს პატივი მიაგეს.

🔴მოგვიანებით, სამსახურის წარმომადგენლები ბატალიონ’’შავნაბადას’’ მებრძოლებთან და ვეტერანებთან ერთად, შავნაბადას წმინდა გიორგის ტაძარში ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

🔴1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, 600 კაცის შემადგენლობით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს ”შავნაბადას”, ”ავაზას” და დუშეთის ბატალიონებმა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია. ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

ასევე იხილეთ