left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი NATO-ს რეზოლუციაზე: ეს ფასადური რეზოლუციები ფასს კარგავს, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერი მათი რეზოლუცია, კომენტარი თუ განცხადება, არგუმენტსაა მოკლებული

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი NATO-ს სამიტის შედეგებს ეხმიანება და როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩანაწერები და შენიშვნები, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა, ფასადურ ხასიათს ატარებს. საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ქვეყნის გაწევრიანების საკითხი გადაწყდება მაშინ, როცა ამის მომხრე NATO-ს ყველა წევრი იქნება.
გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ NATO გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს, დიდი ხანია ცნობილია და ამ განცხადებებს რეალური გადაწყვეტილებები უკვე წლებია, აღარ მოსდევს. შესაბამისად, მუდმივად ღია კარში დგომა, მაშინ, როცა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ბევრი მიმართულებით აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ფასს უკარგავს NATO-ს და სხვა საერთაშორისო გაერთიანებების არსებობას.
„NATO-ს რეზოლუციებში რამდენჯერ გვახსენებენ, რა მნიშვნელობა აქვს, უკვე 30 წელიწადია გვახსენებენ  და ასე ღია კარებში გვამყოფებენ, რის გამოც რამდენი ვირუსი გადავიტანეთ, ვინ მოთვლის. ეს ფასადური რეზოლუციები ფასს კარგავს. ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერი მათი რეზოლუცია, კომენტარი თუ განცხადება, არგუმენტსაა მოკლებული, რაც მიუღებელია. ეს შედეგია იმის, რასაც ჩვენ ვამბობდით – საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, რათა კარგად გამოიტანოს დასკვნა. ამიტომაც არიან გაბრაზებულები, რომ მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, საქართველოში კი, ამას ხალხის აღშფოთება არ მოჰყვება. რანაირად უნდა აღვშფოთდე იმ განცხადებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება შენივე ინსტიტუტების დასკვნებს. ამ დასკვნებით საქართველო არის ბევრი მიმართულებით მოწინავე ქვეყანა (გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში საერთოდ პირველი ქვეყანაც კი ვართ). გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად წინ მიდის. ამას მოწმობს რამდენიმე დღის წინ მსყიდველუნარიანობის შესახებ დადებული კვლევა. ჩვენ ამ მიმართულებითაც გაგვეზარდა მაჩვენებელი. ასევე ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით წინ ვართ და რაც მთავარია, ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების ფორუმის მონაცემებით, სამართლის უზენაესობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის კანდიდატ და ბევრ წევრ ქვეყანას. 
ეს ყველაფერი რომ იცი, შე დალოცვილო (თან ისიც იცი, რომ ქართველმა ხალხმა ამ ყველაფრის წაკითხვა იცის), როგორ აკეთებ განცხადებას, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის? თუ დემოკრატია უკან მიდის, აბა ეს საერთაშორისო ინსტიტუტები მოვისყიდეთ და იმიტომ დაგვიწერეს ასეთი მაღალი ქულები? 
რაც დრო გადის, მით უფრო უფასურდება ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და გნებავთ თანამდებობის პირების უსამართლო განცხადებები. მეტიც, არჩევნებამდე, კიდევ უფრო გაუფასურდება. რაც ყველაზე მთავარია, არჩევნების შემდეგ ასეთი ორგანიზაციები და თანამდებობის პირები რომ გამოვლენ და იტყვიან ხარვეზები იყო არჩევნების პროცესშიო, მათ არავინ დაუჯერებს. იმიტომ, რომ სუბიექტური იქნება მათი შეფასებები, რადგან ყველამ დაინახა, რომ მათი განცხადებები ტყუილს ეფუძნება,“ –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ასევე იხილეთ