left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: NATO-ს კომუნიკეში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია – საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი NATO-ს კომუნიკეს აფასებს.

დეპუტატის თქმით,  კომუნიკეში ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერია – პირველი, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, მეორე კი იმის შესახებ, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ NATO ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და ყველა სახელმწიფოს აქვს არჩევანი, გაწევრიანდეს იქ, სადაც თავად თვლის საჭიროდ. დეპუტატის თქმით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქმული აქვს და წინა წლებში ალიანსს აღნიშნული აქვს, რომ საქართველო ოდესმე გახდება NATO-ს წევრი.

სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე გლობალური გამოწვევების ფონზე ალიანსს აქტიური გაფართოების პოლიტიკა ვერ ექნება, თუმცა კომუნიკეში არსებული ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ კარი ღიაა.

„NATO-ს კომუნიკეში ჩვენ ვხვდებით ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას და მოწოდებას რუსეთისადმი – გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოზე ცალკე ჩანაწერი, როგორც ბუქარესტის სამიტის დროს იყო, არ გვხვდება, თუმცა მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ პოლიტიკის ცვლილებაზე აქ საუბარი არ არის.

კომუნიკეში გარკვევით წერია, რომ გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით ღია კარის პოლიტიკას ინარჩუნებენ, ყველა სახელმწიფო არის თავისუფალი, გააკეთოს არჩევანი და გაწევრიანდეს იმ ალიანსში, სადაც მას საჭიროდ მიაჩნია. ეს არის NATO-ს გაფართოების პოლიტიკა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს სურვილი დაფიქსირებული გვაქვს, ალიანსისთვისაც ცნობილია ამ სურვილის შესახებ და წინა წლებში აქვთ აღნიშნული, ისევე როგორც ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში, რომ ოდესმე აუცილებლად გახდება საქართველო NATO ს წევრი.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, როდესაც ორი უზარმაზარი შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აქტიური გაფართოების პოლიტიკა ვერ ექნება NATO-ს და ასეთი ჩანაწერი ნიშნავს, რომ კარი ღიაა და გაწევრიანება შესაძლებელია. ასე რომ, მე ვერ ვხედავ რამე ნეგატიურს ამ მიმართულებით, პირიქით – სტატუს კვო არის შენარჩუნებული და მე არ მიმაჩნია და არც მანამდე მიმაჩნდა, რომ რაიმე განსაკუთრებული სიახლე იქნებოდა, იმიტომ, რომ არაა ახლა გადამწყვეტი სიახლეების დრო და ადგილი, ამ ვითარების გათვალისწინებით.

ასევე, კომუნიკეში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია – საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია“, აღნიშნა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ