გიორგი ამილახვარი: სტუდენტების სტაჟირება იქნება 4-თვიანი, რა თქმა უნდა, იქნება ანაზღაურებადი და ეს არის რეალური მხარდაჭერა ჩვენი სტუდენტებისთვის
“პრემიერის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტროს დაგვევალა ამ საკითხის კოორდინაცია და იმპლემენტაცია,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. კითხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ანაზღაურებად სტაჟირებას ეხებოდა.
„წელს ვინც ამთავრებს სწავლას, ზაფხულში უკვე უნდა ჩატარდეს კონკურსები და ამის ინდიკატორებზე ფიქრობთ. ეს სტაჟირება იქნება 4-თვიანი, რა თქმა უნდა იქნება ანაზღაურებადი და ეს არის რეალური მხარდაჭერა ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მათ მყისიერად, სწორად დაიწყონ კარიერული დაგეგმვა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტაჟირების პროცესის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი დარჩება და დასაქმდება უწყებებში. ეს ერთის მხრივ, არის ფართო ფანჯრის გაღება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მეორე მხრივ, საჯარო სამსახურებისთვის უდიდესი კვალიფიკაციის, განახლებული ენერგიებისა და იდეების მქონე ახალგაზრდების შემოშვება, რითაც საბოლოო ჯამში, სექტორი იხეირებს“, -აღნიშნა მინისტრმა.