leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე ხაზარაძეზე: წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო მოსახლეობა

„ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია”, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებულ დავაზე საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უწყება გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას.

„ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, სრულიად უსამართლოდ მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.

დასკვნის სახით კი ვიტყვი შემდეგს – წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ასევე იხილეთ