დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, რაჭის რეგიონში გარემოსდაცვითი-საგანმანათლებლო პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ განხორციელდა. პროექტში რაჭის რეგიონის 18 საჯარო სკოლის 150-მდე მონაწილე ჩაერთო.
მონაწილეები, პროექტის ფარგლებში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, საქართველოს პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს – მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს სტუმრობენ. ეკოტურში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდიც მონაწილეობდა, რომელმაც მონაწილეებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ეკოტურიზმის მიზნებსა და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ეკოტურების განხორციელებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ჩართულია რაჭის ეროვნული პარკისა და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციები, რათა ხელი შეუწყონ მონაწილეებისთვის შემეცნებითი, საინფორმაციო და უსაფრთხო ეკოტურების განხორციელებას.
საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” მიზანია, მონაწილეებმა აიმაღლონ ცოდნა დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს, გერმანიის მთავრობის (BMZ/ KfW) პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „გოპას“ და „ეკოვიჟენის“ ტექნიკური მხარდაჭერით.