ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში, ილია სულამანიძე საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენის პირველი გამოსვლა ოლიმპიადაზე წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს ვერცხლი ჩამოუტანა. ილიას რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. 21 წლის უმშვენიერესი გოგონა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობაზე სწავლობს.
ჟურნალ „სარკესთან” ილიას სულამანიძის დედა ამბობს, რომ სპორტსმენმა შვილებმა – ილია და შაკო სულამანიძეებმა საცოლეები დაბადების დღეზე გააცნეს.
„ჩემს დაბადების დღეზე, 19 დეკემბერს, ორივემ ერთად მომიყვანა სარძლოები გასაცნობად. ძალიან კარგი გოგონები არიან. ცუდად არ გამიგოთ, იმდენად ჭკვიანი ბიჭები მყავს, რა თქმა უნდა, მათ არჩევანსაც ვენდობი. როცა მათი არჩევანი ჩემი მოსაწონიც არის, ამას რა სჯობს. კარგად აღზრდილი, ლამაზი გოგონები არიან. ილიას შეყვარებული სპორტსმენი იყო, მოცურავე და რომ ვნახე ფოტოები, ილიაზე მეტი მედლებიც კი აქვს. ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს.
ნორმალური ოჯახის სახელით მოვედით აქამდე და ახლა ჩვენი შვილები გვახარებენ და ოჯახის ღირსებასაც გვინარჩუნებენ. მამამისი სულ არიგებდა, თავმდაბალი იყავითო. ერთხელ ილიამ გამარჯვება მოიპოვა და შემოვიდა კარში თავდახრილი. შევწუხდი, რა მოხდა, რატომ გაქვს თავი დახრილი-მეთქი და მიპასუხა, თავმდაბლად მოვდივარ, მამიკომ ხომ ასე მითხრაო. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. რამდენადაც სერიოზულია, იმდენად დიდი აქვს იუმორის გრძნობა“, – განაცხადა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის დედამ.