ფაბრიციო რომანო: ინგლისური „ლივერპული“ მამარდაშვილის შეძენას და უკან, „ვალენსიაში“ იჯარის წესით დაბრუნებას განიხილავს
„ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის ემზადება, თუმცა გუნდის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ჯერ გარკვეული არაა.
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ინგლისური „ლივერპული“ მზადაა, მამარდაშვილი შეიძინოს და „ვალენსიაში“ იჯარის წესით დააბრუნოს.
„ინგლისური „ლივერპული“ მამარდაშვილის შეძენას და უკან, „ვალენსიაში“ იჯარის წესით დაბრუნებას განიხილავს. ფეხბურთელის სატრანსფერი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა, ხოლო ალისონის წასვლის შემდეგ მას ძირითად მეკარედ მოიაზრებენ. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მამარდაშვილი მიესალმება ამ შესაძლებლობას“, – აცხადებს რომანო.
ქართველი მეკარის მომავალთან დაკავშირებით გამოცემა paisleygates-იც წერს: „30 მილიონი ევროს გადახდა მამარდაშვილისთვის ძალიან კარგი გათვლა იქნება. ის უკვე ძალიან თავდაჯერებულია და მუდამ წინ მიდის.
ჯერ ის მზად არაა, „ლივერპულის“ კალიბრის გუნდის ძირითადი მეკარე იყოს, მაგრამ შესანიშნავი მეორე ნომერი იქნებოდა. იჯარის წესით გატარებული ორი სეზონის შემდეგ კი ის პირველ მეკარეობასაც შეძლებს.
„ლივერპულისთვის“ ყველაზე საინტერესოა, რომ მოთამაშე ამ მოცემულობისთვის მზადაა. „ვალენსიას“ ზაფხულში მისი გაყიდვა სჭირდება და ამ ნაბიჯით ყველა ჩართული მხარე ისარგებლებს. სამომავლოდ კი მამარდაშვილი დიდ გუნდში ითამაშებს“, – წერს გამოცემა.