პაატა ნაცვლიშვილი: რაც მე 1992 წლიდან ოლიმპიელებთან ერთად მიმგზავრია, მაგრამ ოლიმპიური მედლებით ასე დახუნძლული თვითმფრინავით არასოდეს!
ჰოდა, ოლიმპიური მედლების ცვენა თვითმფრინავსა თუ აეროპორტებში
ჰოდა, წუხელის თუ დღეს დილით პარიზიდან თბილისში ჩამოვფრინდი.
ჰოდა, რაც მე 1992 წლიდან ოლიმპიელებთან ერთად მიმგზავრია, მაგრამ ოლიმპიური მედლებით ასე დახუნძლული თვითმფრინავით არასოდეს! წარმოიდგინეთ – 10 ოლიმპიური ოქრო ერთ თვითმფრინავში: სამ-სამი ლაშა ტალახაძისა და კახი კახიაშვილისა, თითო – გენო პეტრიაშვილის, გიორგი ასანიძის, დავით გობეჯიშვილისა და ლერი ხაბელოვისა. სამ-სამ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალზე აღარაფერს ვამბობ.
ჰოდა, ჩემი პარიზული პროგნოზი კი მხოლოდ ოქრო-ვერცხლზე გამართლდა. საბოლოო გამართლებამდე ორი ბრინჯაოს მედალი დამაკლდა. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთი იყო ჩემი პროგნოზი, რაც აქაც დავწერე და გაზეთშიც გამოვაქვეყნე.
ჰოდა, იყო ტაში და შეძახილები თვითმფრინავში ჯერ პარიზიდან სტამბულში და მერე – სტამბულიდან თბილისში. სურათებსა და სელფებს ხომ თვლა არ ჰქონდა საკუთრივ თვითმფრინავებსა თუ აეროპორტების მოსაცდელ დარბაზებში. და აქტიურობდნენ არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრები. განსაკუთრებული პოპულარობით, რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძე სარგებლობდა.
ჰოდა, თვითმფრინავების 10 ოლიმპიურ ოქროს, თუ თბილისის აეროპორტის ჟრიამულში ვინმე არ გამომრჩა, კიდევ ოთხი დაემატა: ორი – ლაშა ბექაურისა და თითო ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და შოთა ხაბარელისა. და მაინც, არა და ვერ შეედრებოდა ეს დახვედრა ქართველ ფეხბურთელთა ამასწინანდელ დაბრუნებას გერმანიიდან, რაც მხოლოდ ფეხბურთის საერთო-სახალხო სიყვარულით თუ შეიძლება, აიხსნას.
ჰოდა, მეც გადავიღე რამდენიმე სურათი აეროპორტში, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ იმ მნიშვნელობას შეესატყვისებოდეს, რაც ამ დაბრუნებას ჰქონდა. ჩემს ფოტოებზე მეტად ამ განწყობილებას პირველი არხის რეპორტაჟი ასახავს. ეს ფოტოც ამ რეპორტაჟის ანონსიდან ავიღე.