საფრანგეთის ხელისუფლებამ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი პაველ დუროვი პარიზის მახლობლად, ბურჟეს აეროპორტში დააკავა. ამის შესახებ CNN BFMTV-ზე დაყრდნობით წერს.
BFMTV-ის ცნობით, საფრანგეთის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ფრანგულ საბაჟოსთან არიან დაკავშირებულები, დუროვი 24 აგვისტოს საღამოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის აზერბაიჯანიდან ბურჟეს აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.
საფრანგეთის პოლიციამ რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 39 წლის დუროვის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო და მისი დაკავების ორდერი გასცა.
მას ბრალად ედება „ტელეგრამის“ პლატფორმაზე ზომიერების ნაკლებობა, რამაც შეტყობინებების აპლიკაცია ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და პედოფილური კონტენტის გაზიარების ინსტრუმენტად აქცია, იტყობინება BFMTV.
ფრანგული მედიის ცნობით, დუროვს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 25 აგვისტოს, წაუყენებენ. საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებიათ.