თამარ ტყეშელაშვილი: ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა, კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%, ამის საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები
“ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა, კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვაზე.
„აღქმების, მისკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ, რომლებიც კანონის აღსრულებასთან, რეგისტრაციის პროცესთან და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საუბრობენ.
პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს აქტივისტების მობილიზებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის მიზნით.
ცნობისთვის, მოსარჩელე მხარემ მოთხოვნები შეამცირა და პირველივე დღეს, კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა სარჩელიდან ამოიღეს, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.