„ადგილობრივი უსამშობლოები, აგენტურა, ზოგიერთი ხელმოცარული დიპლომატი და ზოგიც ევროპარლამენტს მიღმა დარჩენილი, ყოველწლიურდ იკრიბებიან. მაგალითად, ფოტიგა საკუთარმა მოსახლეობამ არ აირჩია. ახლა მას ბევრი დრო აქვს და მოგზაურობს. რატომაც არა, ულამაზესი ქვეყანა გვაქვს – ხან აქ შემოირბენს, ხან იქ შეირბენს, თან უფინანსებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა თბილისის საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ და აღნიშნა, რომ „ამ კონფერენციას ბევრი ფოტიგა ესწრება“.
„ეს არის ალქაჯების გაერთიანება, რომელიც მორალს გვიკითხავს და გვმოძღვრავს. დემოკრატიაზე ნოტაციებს გვიკითხავენ და ვინ? – დევიდ კრამერის პოზიცია მოვისმინე. ესეც ერთ-ერთი უსამშობლოა, „ნაცების“ სატელიტი და ლობისტი, რომელიც მორალს გვიკითხავს. ბიჭო, შენს ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან, „რესპუბლიკელები“ ბრალს სდებენ, რომ ბაიდენის მთავრობა იურიდიულ დეპარტამენტს პოლიტიკური ნიშნით იყენებსო. ანუ, დევნას ახორციელებსო. ასეთი შეხლა-შემოხლა და ფაქტები აქვთ. რანაირად შემოუტრიალდება ენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს დემოკრატიაზე? ჟურნალისტებს აგდებენ განსხვავებული პოზიციის გამო და ჩვენთან ვინც კი მწვალებელი, ზონდერი და სისხლიანი პროკურორი იყო, ზოგი ახლა ჟურნალისტად და მედიამენეჯერად გვევლინება, ზოგმა კიდევ პოლიტიკოსობა აირჩია. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თავის პლატფორმაზე იბჟუტუროს და სიგიჟეები იძახოს. ახლა დემოკრატია იქ უფრო მაღალია თუ ჩვენთან? რაც შეეხება კორუფციას, სახელმწიფო ბიუჯეტი მეორე წელია, პირველია ღიაობითა და გამჭვირვალობით. არ გაგიტარებთ, ბიძიებო, გამორიცხულია, რადგან ეს ქვეყანა დიდი წარსულით და ისტორიითაა. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ხელისუფალი, რომელიც ცალ ფეხზე არ დგას. ვართ ღირსებით, ქართველი ხალხის მანდატითა და მხარდაჭერით. ამიტომ, არასწორს არავის არაფერს არ გავუტარებთ. ეს კინო ნანახი გვაქვს – ყოველ არჩევნებზე ერთი და იმავე სახეები, დაფინანსებით, მუხტითა და შეძახილებით მოდიან. მგონი, ერთმანეთს ამხნევებენ. ქართველ ხალხთან საერთო არაფერი აქვთ მათ, მათ, ვინც დახვდათ – ლომჯარია, გიგაური და დანარჩენი უსამშობლოები ქართველი ხალხი არ არიან, ესენი არიან მათი დაკვეთით ცალ ფეხზე მოცეკვავე ხალხი. ასე რომ, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ უსაქმურობას, რასაც აკეთებენ, ვურჩევდი, ნახონ ჩვენი ქვეყანა, ჩავიდნენ რეგიონებში, ხალხს გაესაუბრონ. მათ შორის ჰკითხონ იმაზეც, საქართველოში მილიონობით დაფინანსება რომ შემოდის და არასამთავრობო სექტორს რომ აფინანსებენ, ხალხი კმაყოფილია თუ არა და ეს ფინანსები მიდის თუ არა ადრესატამდე. იმისთვის, რომ შეიგნონ და გაითავისონ ქართველი ხალხის ბუნება, შემიძლია, ეს ხალხი საღამოს, ქართულ და ტრადიციულ სუფრაზე დავპატიჟო, სადაც მოუსმენენ ქართველ გლეხს, რომ ღირსებასა და თავისუფლებას არაფერი სჯობს. ამ ალქაჯების გაერთიანებისთვის ტყუილად იხარჯება დრო და ფული. საღამოს რვა საათისთვის თუ შემომეხმიანებიან, კაი ოციანს და მაგარ სუფრას დავახვედრებ, სადაც ქართულ გენზე, სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის და მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე, ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ამას ჩვენი მოქალაქეები ეტყვიან. შემდეგ, იქნებ გაითავისონ და გაითვალისწინონ, რომ ამ ქვეყანას თითის ქნევით არ უნდა დაელაპარაკონ, თორე მიიღებენ იმ შედეგს, რომ მხოლოდ ლომჯარიები და გიგაურები იქნებიან მათი მასპინძლები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება ანა ფოტიგას სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას, ზარქუას თქმით, „ეს ადამიანი იმდენად უავტორიტეტო და მიუღებელი აღმოჩნდა თავისი პოლონელი მოსახლეობისთვის, რომ ევროპარლამენტში არ აირჩიეს და თამაშგარე, ბორტს მიღმა დარჩა“.
„ის ხომ „ნაცების“ ლობისტია და ეტყობა, პროგრამაში ეწერა აქ ჩამოსვლა. რა დროს ფოტიგაა? მან თავის ქვეყანას მიხედოს. სანქციები უნდა დაეწესებინათ რუსეთისთვის და როგორ, პოლონეთს რუსეთთან ვაჭრობა აღმატებულ ნოტაში აქვს. რა ხდება? ეს მიუღებელია, ქალბატონო ანნა. ამას არ გაგიტარებთ და ყოველთვის გეტყვით თქვენც, კუბილიუსსაც და დანარჩენებსაც, რომ ლატვია, ლიტვა და პოლონეთი პირველ ადგილზე არიან რუსეთთან ვაჭრობაში და ჩვენ გვეუბნებიან, რუსეთს სანქცია დაუწესეთო. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს, თორემ ჩვენ მაშინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით, თქვენ რასაც წარმოადგენდით. უბრალოდ, თქვენთვის არის ცუდი, მაინც ევროპელი სტუმარი ხართ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.