შალვა პაპუაშვილი: დიდ ქვეყნებს ერთი და იგივე შეცდომა მოსდით ქართველი ხალხის მიმართ – რაღაც მომენტში რატომღაც ფიქრობენ, რომ ზემოდან უნდა დაგვხედონ, არ არის ეს სწორი გზა
“რაც შეეხება სანქციებს, ამას რუსეთისგან ვიყავით შეჩვეულები. რატომღაც ასე ხდება ჩვენს ისტორიაში – შორ წარსულში და ახლო ისტორიაში, რომ დიდ ქვეყნებს ერთი და იგივე შეცდომა მოსდით ქართველი ხალხის მიმართ – რაღაც მომენტში რატომღაც ფიქრობენ, რომ ზემოდან უნდა დაგვხედონ. არ არის ეს, რა თქმა უნდა, სწორი გზა”,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის სანქციებზე საუბრისას. მან ვაშინგტონს 2020 წლის არჩევნებში პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში USAID-ის როლის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ცრუ ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ შეწყდეს და გადაიტვირთოს ურთიერთობები. რაც შეეხება სანქციებს, ჩემი მოლოდინია, რომ გამოიძიებენ 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში USAID-ის მონაწილეობას და ვინ იცის, იქნებ USAID-ის ზოგი წარმომადგენლებისთვის გახდეს აუცილებელი სანქციების დაწესება. გამოიძიონ ეს საკითხი და ვნახოთ, რა როლი ჰქონდა 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს საქართველოში სიტუაციის არევაში, იმ მხრივ, რომ ხელს უწყობდნენ და პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელების მონაწილეები იყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.