ვოლოდიმირ ზელენსკი: გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა, სწორედ ასეთი რამეები ასუსტებს მტერს
„გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობებზე განხორციელებული დარტყმა ძალიან ეფექტური იყო.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მებრძოლებს. გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა, სწორედ ასეთი რამეები ასუსტებს მტერს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია ამაში. ასეთი სიზუსტე შთამაგონებელია“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებებზე, კერძოდ, კურსკის ოლქში სიტუაციის ცვლილებებზე.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული.
„ყველა პუნქტი, ყველა მთავარი აქცენტი, ყველაფერი დამუშავებულია. მთავარი ახლა არის გადაწყვეტილება ამ გეგმის განსახორციელებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.