leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე  რუსთავში

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მივესალმები ქვემო ქართლს!

მივესალმები ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებსა და თანამებრძოლებს.

12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის წინამძღოლობით ქართველმა ხალხმა ეროვნული ერთობით დავამარცხეთ ქვეყნის მოღალატე, ხალხის მჩაგვრელი, ანტიეროვნული, ანტიქართული და უცხო ინტერესების მსახური პოლიტიკური ძალა. თითოეულ ჩვენგანს კარგად ახსოვს მაშინდელი პერიოდი და ზუსტად ვიცით, რომ, თუკი არ იქნებოდა იმ მასშტაბისა და სულისკვეთების მატარებელი ერთიანობა და რაც მთავარია ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტი ფაქტორი, მისი პირადი თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითი, ამ ბოროტების დამარცხება წარმოუდგენელი იქნებოდა. სწორედ 2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. სწორედ ეს დღე იქცა შემობრუნების წერტილად და ქვეყანაში, სადაც დაკანონებული იყო ძალადობა ხალხზე, კერძო საკუთრების წართმევა და მიტაცება, პატიმრების წამება და დახოცვა, მშვიდობიანი აქციების უმოწყალოდ დარბევა და საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში ჩაცხრილვა, ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება და გაყიდვა, ქართველი ხალხის თანადგომით, თქვენი თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. 12 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და თავისუფლებამ, დღეს სრულად გათავისუფლდა ბიზნესი და ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი საქმე მშვიდად აკეთონ, დაცულია სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს იცავენ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, ადამიანებს გაუჩნდათ ნდობა სახელმწიფოს მიმართ და ზუსტად იციან, რომ ის არათუ დაჩაგრავს, არამედ დაიცავს თითოეულ მოქალაქეს! დაიცავს ომისგან და განსაცდელში გვერდში დაუდგება თითოეულ ოჯახს! 12 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა!

დღეს ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და რაც მთავარია თავად გრძნობენ, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა, მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, უმუშევრობა, სოციალური პოლიტიკა მრავალჯერ გაუმჯობესდა და მიმართულია მოქალაქეების ინტერესებზე, სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობისა და წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე წარმატებით იყიდება ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები, იმ საწყის პირობებთან შედარებით, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად წარმატებულია. რა თქმა უნდა გამოწვევები რჩება, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ხედვა და უნარი ამ პრობლემების გადაჭრის და მოგვარების.

რა თქმა უნდა, უამრავი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, თუ რატომ არის “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ინტერესების და ჩვენი ხალხის მტერი, თუმცა, მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით – 2008 წლის აგვისტოს ომია,  რომელიც მათ მიზანმიმართულად, შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ხოლო ომის ფასი ქართველმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით ათასი დევნილად ქცეული მოქალაქით, ასზე მეტი დაკარგული სოფლითა და ჩვენი გმირების შეწყვეტილი სიცოცხლით გადაიხადა! ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც დრო ვერ წაშლის და ეს არის ღალატი, რომელსაც ქართველ ხალხი არასდროს არ დააივიწყებს!

ეს ბოროტი ძალა ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც არ ცვლის მოქმედების სტრატეგიას და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, ყველაფრის ფასად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და საკუთარი ხალხის გაწირვას, როგორც მათ ეს უკვე გააკეთეს, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დანგრევას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ხალხის განადგურებას. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ანუ ომის და ბოროტების პარტია, მისი სატელიტური პარტიებით და კოალიციებით, ენჯეოებით და მთელი აგენტურით, ეწინააღმდეგებიან მშვიდობას, ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას, რამაც შეიძლება დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, სწორედ ამით აიხსნება ის ისტერია და აგრესია, რაც ვიხილეთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული შერიგების მოწოდების შემდეგ, ჩვენი ხალხი 30 წელია უყურებს ომს, ქაოსს, არეულობას, ტერიტორიების დაკარგვას და ყველამ კარგად ვიცით, რომ ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული. ბოლო 12 წელი არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი როცა ქვეყანაში არ ყოფილა ომი და არ დაგვიკარგავს დამატებითი ტერიტორიები, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, რომლის დროსაც ქვეყანაში დამყარდა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და  დღეს, ქვეყანაში იგი არის  ერთადერთი ადამიანი ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება! ამიტომ, ყველა ბოროტი ძალა ყველანაირად ხელს შეუშლის და შეეწინააღმდეგება მის მშვიდობიან და ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართულ ეროვნულ-პატრიოტულ პოლიტიკას.

მაგრამ ისევ თქვენი თანადგომით და ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით, ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე და პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ავიხდინოთ ყველა ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის ოცნება, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან, თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოში!

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და იქ დავდგეთ, სადაც მშვიდობა და სიმართლეა!  მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მჯერა 26 ოქტომბერს ჩვენი ბრძენი ხალხი კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს წინსვლისა და განვითარებისკენ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ!

გაუმარჯოს ქვემო ქართლს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”

ასევე იხილეთ