რადოსლავ სიკორსკის თქმით, „ყირიმის რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მისი განცხადება „ჰიპოთეტური დისკუსიის“ ნაწილი იყო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის თქმით, მისი სიტყვები უკრაინისთვის ყირიმის რეფერენდუმის გზით დაბრუნების შესაძლო ვარიანტთან დაკავშირებით, რამაც კიევში აღშფოთება გამოიწვია, „ჰიპოთეტური დისკუსიის“ ნაწილი იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განუცხადა.
რადოსლავ სიკორსკი კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, სიკორსკი ყირიმის გაეროსთვის გადაცემის იდეით გამოვიდა, შორეულ მომავალში ტერიტორიის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივით.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს და ეს არაერთხელ აღვნიშნე. მეორე მხრივ, კონფერენციაზე ექსპერტებს შორის ჰიპოთეტური დისკუსია გაიმართა, გასაჯაროების გარეშე, სადაც განვიხილეთ, როგორ უნდა განვახორციელოთ თავად პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებები ყირიმის დაბრუნების თაობაზე. ის საუბრობდა დიპლომატიურ მოქმედებებზე“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.