„არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ, არის ბრიუსელში, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში. სამწუხაროა და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდადებულია 5 დანაშაულზე, რომლებიც არის წამების კატეგორიიდან დაწყებული, ბიზნესის რეკეტით დამთავრებული. ადეიშვილის დროინდელი შეკრებითობის პრინციპი რომ იყოს, მას 18 წლის მოხდა მოუწევდა ქართულ ციხეში. ეს ადამიანი არის ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის სისტემის შემოქმედი და არის განსახიერება ყველაფერი ანტიევროპულისა და ანტიჰუმანური. როდესაც ასეთ ადამიანს, ასეთი პატივი, სხვადასხვა სათათბირო ოთახებში თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში, იმავე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვეტინგზე, ადამიანის უფლებებზე მგონი ეს საჭიროებს განმარტებას იმისთვის, რომ შემდეგ მათი ეს სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. ზურაბ ადეიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც უკრაინაში ატარებს ამ ვეტინგებს და მისი მოადგილეა, ვინც მოლდოვაში ატარებს ვეტინგებს. როდესაც ჩვენ მაგალითად უკრაინასა და მოლდოვას გვისახავენ, ჩვენი კითხვა ევროკავშირის მიმართ მარტივია, ადეიშვილისა და ნონა წოწორიას ჩატარებული ვეტინგი არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ?!“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.