ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ვილი სანიონი აცხადებს, რომ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ახალ მოთამაშეებსაც მიეცემათ.
„კონკურენცია ყოველთვის კარგია გუნდისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში ნახევარდაცვაში სტაბილურობას მივაღწიეთ, თუმცა ვიცით, რომ ყოველთვის ერთი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ. კარი ღიაა და შანსი ყველას მიეცემა“, – განაცხადა სანიოლმა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე შეფასებით, გიორგი მიქაუტაძეს ლიონში რთული პერიოდი აქვს, თუმცა ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. უნდა იბრძოლოს სათამაშო დროისთვის და დაიბრუნოს თავდაჯერება.
„ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან კარგად გვახსოვს რა აქვს ნაკრებისთვის გაკეთებული ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფეხბურთია და წარმატებულ პერიოდს წარუმატებელი მოსდევს. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს“, – განაცხადა სანიოლმა.
მან სხვა სპორტსმენებზეც ისაუბრა. სანიოლის შეფასებით, საინტერესო ფეხბურთელია გიორგი გულიაშვილი. განსხვავებული ტიპის შემტევია. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიაჩნდა, თუმცა ამბობს, რომ კლუბში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გამოძახება დაიმსახურა.
„შოთა ნონიკაშვილისა და საბა გოგლიჩიძის მსგავსად, ისეთი ფეხბურთელია, რომელიც იმსახურებს ნაკრებში ყოფნას, რათა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს“, – ამბობს სანიოლი.
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, როგორც სანიოლმა აღნიშნა, გასულ შეკრებაზე ის ბოლო მომენტში დაიმატეს, რადგან ემპოლიში თამაში დაიწყო. ახლა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან სტაბილურად გამოიყურება.
„მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ვარჯიშებზე და მატჩებშიც გაცილებად გამოცდილი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნება საერთოდ აღარ მოუწიოს“, – აცხადებს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელი ვილი სანიოლი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს პოლონეთში ერთად ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.