leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციით, ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს და დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას

“ძალიან არ უნდა გიყვარდეს საქართველო იმისთვის, რომ უსურვო რაღაც გაუგებარი ტექნიკური მთავრობა და არ უსურვო მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება 26 ოქტომბერს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, თუკი ქალბატონი სალომე საქართველოს თავის სამშობლოდ თვლის, რომ უსურვო საქართველოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები, რაც ნიშნავს ტურბულენტობას, რაც ნიშნავს დაძაბულობას, დესტაბილიზაციას და არეულობას. ძალიან არ უნდა გიყვარდეს საქართველო იმისთვის, რომ უსურვო რაღაც გაუგებარი ტექნიკური მთავრობა და არ უსურვო მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება 26 ოქტომბერს.

ფიქრობდე არა იმაზე, როგორ მივიდეს ქვეყანა მშვიდობიანად არჩვნებამდე, არა იმაზე, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები მშვიდობიანად და როგორ უნდა გათენდეს მშვიდობიანი დილა 27 ოქტომბერს, არამედ ფიქრობდე იმაზე, თუ როგორ აირიოს ეს ქვეყანა 27 ოქტომბრის მერე. ეს არის სალომე ზურაბიშვილის მთავარი დავალება გარედან, რომელსაც ის ცდილობს, წარმატებით გაუმკლავდეს და შეასრულოს“,– განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს და მთავრობას დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი დააკომპლექტებს.

„ამით უნდა იყოს გამოწვეული ისიც, რომ ის ხან საუბრობს პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ხან საუბრობს ტექნიკურ მთავრობაზე და ხანაც გვეუბნება, რომ მას ჰყავს შერჩეული თავისი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი, ჩვენ ვიბრძვით უკვე 12 წელია, იმისთვის, რომ მსოფლიოს დაუმტკიცოთ, პატარა ქვეყანასაც შეუძლია იყოს ძლიერი, მშვიდობიანი, სტაბილური და სუვერენული. ჩვენ ამ ბრძოლას მშვიდობიანად, ჩვენს ხალხთან ერთად ბოლომდე მივიყვანთ. ხოლო მას თავისი ტექნიკური მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, ერთადერთი საფრანგეთში რომ დაბრუნება, იმისთვის თუ გამოადგება, თორემ ამ ქვეყანაში ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციით, ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს და დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას“,– განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.

ასევე იხილეთ